ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ ექრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა

თურქეთის რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ (CHP) ექრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.

გადაწყვეტილება CHP-ის პარტიის ასამბლეის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის ხელმძღვანელობით გაიმართა.

იმამოღლუს დასახელებასთან ერთად, ასამბლეამ ასევე დაამტკიცა რიგგარეშე კონგრესის ჩატარება 6 აპრილს.

სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო მიუსაჯეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი უფლებამოსილება შეუჩერა. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი, CHP-ის წევრი ნური ასლანი აირჩია.

ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ  თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო მმართველი პარტიის წინააღმდეგ. დაკავებული აქციის მონაწილეების რაოდენობა ათასს აჭარბებს. საპოლიციო ძალები საპროტესტო აქციებს ძალადობრივი მეთოდებით შლიან. რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის ოზგურ ოზელის განცხადებით პროტესტი კვლავ გაგრძელდება. ოზელმა მასშტაბური აქცია შაბათს, მალტეპეში დაანონსა, სადაც მისი თქმით, მოხდება საპრეზიდენტო კანდიდატად ექრემ იმამოღლუს წარდგენა და მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

იტვირთბა....