72 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის პოლიცია მეორე დღეა, 30 წლის მამაკაცს ეძებს. საზარელი დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. სავარაუდო დამნაშავე მეზობელ ქალს, რომელიც მარტო ცხოვრობს, თავს ღამით დაესხა. გაუპატიურების მცდელობის დროს, მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა. მოძალადემ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. “კურიერთან” ინტერვიუში დაზარალებული ჰყვება, რომ თავდამსხმელმა ის მინის ნამსხვრევებზე წააქცია და დაზიანებები სახის არეშიც მიაყენა.
დანაშაულის ადგილზე პოლიცია დაზარალებულმა, მეზობლების დახმარებით, გამთენიისას გამოიძახა. 72 წლის ქალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. თანასოფლელები მომხდარის შემდეგ, მოძალადის სასტიკ დასჯას ითხოვენ.
“კურიერი” სავარაუდო დამნაშავის სახლშიც მივიდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად მოძალადის სახლიდან სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს, რომელიც მამაკაცს სარეცხ მანქანაში ჰქონდა დამალული. მძიმე ბრალდებაზე საუბარი მოძალადის ოჯახის წევრებს არ სურთ.
ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე ძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით გრძელდება. პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოჰკითხეს დაზარალებული და მისი მეზობლები. მსხვერპლს სხეულის ექსპერტიზა ჩაუტარდა. სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.