„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის გაერთიანებას არ გეგმავს. მისი თქმით, გუნდში ერთიან სიას არ განიხილავენ, თუმცა თანამშრომლობისთვის მზად არიან.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით რაღაც ფორმალიზებაზე საუბარი ადრეა, რადგან არც მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულად ტექნიკური ფორმალიზება, მე მხედველობაში მაქვს ის სამი პარტია რომელმაც მათ შორის დააანონსეს ე.წ. საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ერთი. მეორე, ძალიან ადრეა ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. მესამე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენს საერთო კალათაში გაცილებით მეტი ხმები მოვაგროვოთ. მეოთხე, ჩვენ ვიყავით ავანგარდში პრეკოალიციის, რომელიც იყო 2020 და 2021 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ზოგადად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის ბაზა გაიზარდოს. რაც შეეხება ტექნიკურ ფორმალიზებას, მათ შორის ერთიან სიას ან რაღაც შერწყმას და ასე შემდეგ, ჩვენს პარტიაში ეს არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ევროპული იდეა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქიის ჩამოცილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო აქტიური კოორდინაცია გვექნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.