თბილისის საქალაქო სასამართლოში იწყება „ტვ პირველისა“ და მისი წამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის საჩივრის არსებითი განხილვა. როგორც მომჩივანის ადვოკატი აცხადებს, დღეს იქნება მოსმენა იმის შესახებ, რა მტკიცებულებას წარმოადგენს დაცვის მხარე, რომელიც რეალურად არ არსებობს
„მაია მამულაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს კახა კალაძემ ტენდერიდან 60 მილიონი ჯიბეში ჩაიდო და ამის თაობაზე არსებობს დოკუმენტაცია. დღეს უნდა მოვისმინო, რომელი დოკუმენტაცია გააჩნიათ და მტკიცებულება. ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი აქვთ წარმოდგენილი. ისინი თავის შესაგებელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩვენ დავეყრდენით საზოგადოებრივ აზრსო, ვიღაცების მიერ გამოთქმულს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. ასევე იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება, მათ უნდა უარყონ ცნობები და პასუხი აგონ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე”, – აღნიშნავს კალაძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.
რაც შეეხება „ტვ პირველისა“ და მისი ადვოკატის პოზიციას, ის დაფიქსირებულია აღნიშნული ტელეკომპანიის იურისტის, ქეთევან ზანდუკელის განცხადებაში:
“ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ ეს არის იერიში კრიტიკული მედიის მიმართ, ჩაახშოს თავისუფალი აზრი და ის განცხადებები, რასაც კრიტიკული მედია ემსახურება. ეს არის აშკარა მაგალითი, როდესაც რეაგირება არ მომხდარა თავის დროზე, 1 წლის წინ. მას ჰქონდა საშუალება სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა, ამასთან, ჰქონდა საშუალება შეპასუხება გაეკეთებინა ეთერის საშუალებით” – ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 5 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ეკა მამულაშვილმა განაცხადა: ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”. კალაძემ 20 ივნისს სასამართლოს ცილისწამებასა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიმართა.