“სტრატეგი აღმაშენებლის” დეპუტატის პაატა მანჯგალაძის თქმით, ომბუდსმენობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებზე „ქართული ოცნების“ მიერ დასმული კითხვები ემსახურება იმას, რომ გამოააშკარაონ, ადამიანი ეკუთვნის თუ არა თავის თავს. მისი შეფასებით, ეს სახელისუფლებო გუნდის საშიში გზავნილია:
„ქართული ოცნების“ ინტერესი არ არის დამოუკიდებელი, პროფესიონალი, ადამიანის უფლებების კუთხით გამოცდილი ადამიანის შერჩევა ომბუდსმენის პოსტზე. მათ უნდათ და მათი კითხვების მიმართულება ემსახურება იმას, რომ გამოააშკარაონ, ადამიანი ეკუთვნის თუ არა თავის თავს და აქვს თუ არა საკუთარი აზრი, რადგან მთავარი ტესტი „ქართული ოცნებისთვის“ არის ის, რომ კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი და შეეძლოს უტიფრად თეთრზე შავის თქმა. ადამიანებს ლამის ბავშვობაში დადებულ „პოსტებზე“ სთხოვენ პასუხს და ერევიან გამოხატვის თავისუფლებაში, ეს ხდება დისკრედიტაციის მიზნით და ძალიან საშიში გზავნილია, რადგან მომავალში თუ ვინმეს რაიმე ტიპის არჩევნებში მონაწილეობა უნდა, ბავშვობიდან უნდა შეიკავოს თავი, რადგან მერე ის შეიძლება გურამ მაჭარაშვილს არ მოეწონოს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

