ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ისგან მოლდოველი ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესება მკვეთრი სიგნალია ივანიშვილისთვის – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირება მკვეთრი სიგნალია რუსეთთან დაკავშირებული სხვა ოლიგარქებისთვის და მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის.

დეკანოიძის განმარტებით, სანქციები მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და ის არის გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას:

“ეს არის ძალიან მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ კლეპტოკრატიული რეჟიმის წარმომადგენლებისთვის ინდივიდუალურად, ვინც ჩართულია კრემლთან კავშირში; ასევე ბიზნესის კეთებაში და ფინანსური კაპიტალის დაგროვებაში კრემლთან კავშირების შემდეგ.

ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, პირველ რიგში – ივანიშვილი და მისი დამქაშები და ასევე, ადამიანები, ვინც ხელს უშლიან რეგიონის უსაფრთხოებას და დასავლეთის გაძლიერებას რეგიონში. ბიძინა ივანიშვილი არ არის საფრთხე მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის. ის არის საფრთხე რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგისთვის და დასავლური ინტერესებისთვის.

ეს არის გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართულია რუსული გავლენების გაძლიერებაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ინდივიდუალური სანქციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა არის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ოლიგარქიისთვის.

პირველ რიგში, ეს არის სანქციების ჩამონათვალი, რომელიც მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით – აქ არის ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული არიან რუსეთისა და ირანის იარაღის ან ბიზნესის წარმოებაში, რაც გათანაბრებულია საერთაშორისო ტერორიზმთან. მეორე – ეს არის ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართულები არიან კორუფციაში და ადამიანის უფლებების დარღვევაში. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის განცხადების მიხედვით, ეს სანქციებია მათზე, ვინც მიდის დემოკრატიის წინააღმდეგ და ხელს უწყობს კრემლთან კავშირების გაღრმავებას, უმნიშვნელოვანესია.

რამდენიმე კვირის წინ უკრაინამ გამოაქვეყნა ახალი სანქციების ნუსხა, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან შესულები. მაშინ „ოცნების“ „მესიჯბოქსი“ იყო, რომ ეს არის უკრაინის სახელმწიფოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ – არავითარ შემთხვევაში.

ამ ახალი სანქციების გამოქვეყნება, რომელშიც ინდივიდუალურად, პოროვნებები არიან შესულები, ნიშნავს, რომ მსოფლიო გადასულია ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, ვინც ჩართულია ადამიანი უფლებების წინააღმდეგ მოქმედებაში”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....