თბილისში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.
მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს“,- წერია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.