“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა ობოლაძის წასვლას გამოეხმაურა და პარტიას დაშლისკენ სწრაფი ტემპით ნაბიჯების გადადგმა უსურვა. მისი თქმით, ენმ უკვე დაშლილია, თუმცა ამის აღიარება უჭირთ:
„იცით, ჩემი ვერსია, თუ რა უნდა გააკეთოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რაც ყველასთვის კარგი იქნება – ნიკა ობოლაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი ერთ-ერთი მცირე ნაბიჯია ამ გზისკენ. „ნაცებს“ ვუსურვებდი, უფრო სწრაფი ტემპით გადაედგათ ნაბიჯები დაშლისკენ.
ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა” დაშლილია, უბრალოდ ამის აღიარება ჭირს. ახლა აღიარების პროცესი მიმდინარეობს, შეიძლება ნიკა ობოლაძემ დაიწყო, მაგრამ მარტო ის ვერ უშველის ამ პროცესს. საჭიროა, უფრო სწრაფი ტემპით აყვნენ თანაგუნდელები და უფრო სწრაფად გავერკვიოთ, როგორი კონსტრუქციით ხვდება ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს. 2024 წელს კატასტროფა იქნება ამ ქვეყნისთვის, თუ ოპოზიცია იქნება ისე, როგორც ახლა გამოიყურება ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებით. ეს საჩუქარი იქნება ხელისუფლებისთვის”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.