პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირება ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.
მისი თქმით, სანქციების წინაპირობა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ მუდმივი თავდასხმები გახდა:
„სასიხარულო ამაში არაფერია – როდესაც ომში მყოფი ქვეყანა შენი ქვეყნის მოქალაქეებს ასანქცირებს, ეს ქვეყანაზე ცუდად აისახება. ამას წინაპირობები ჰქონდა – გვახსოვს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან თავდასხმები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ. საერთაშორისო პარტნიორებმა და უკრაინამაც კარგად იცის, ვინ მართავს ხელისუფლებას, ვსაუბრობ ივანიშვილზე. სასიხარულო არაფერია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოქალაქეს, ეს კიდევ უფრო აზიანებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო თვეებში ისედაც დააზიანა და ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებზე.
რაც შეეხება ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ განცხადებებს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ახასიათებდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს უტოლებდა. „ქართული ოცნების“ მესიჯებიც ასეთი იყო, რომ მათთვის სახელმწიფო უდრის ბიძინა ივანიშვილს. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.