პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ენმ-ს დეპუტატმა “კარტოგრაფების საქმესთან” დაკავშირებით კითხვები დაუსვა. კერძოდ, გოცირიძემ იკითხა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით და რაში გამოიყენეს ის რუკები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამას დიდი სკანდალის ფონზე ორი კარტოგრაფის დაჭერა მოჰყვა:
“თქვენ ახსენეთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდით. რატომ არ გქონდათ მასთან დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი? ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორი უდანაშაულო მეცნიერი დააპატიმრეს, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობდა. რა ნაბიჯი გადაიდგა დავით გარეჯთან დაკავშირებით? გისაუბრიათ თუ არა თქვენს კოლეგასთან აზერბაიჯანში და რაში გამოიყენეთ ვიღაც ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, რომლის საფუძველზეც უდანაშაულო ხალხი დააპატიმრეთ?! სად არის რაიმე ნაბიჯი?! ორი წლის განმავლობაში იქ მდგომარეობა გაუარესდა, დგას სასაზღვრო ჯარი, მაშინ როდესაც მანამდე გარეჯში მისვლა ყველას შეეძლო – როგორც სასულიერო პირებს, ასევე ტურისტებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.