ნოემბერში საქართველოში ჩერნოგოვიდან უკრაინელი ბავშვების მორიგი ჯგუფის ჩამოყვანა იგეგმება – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პროექტს საელჩო საქართველოს პარლამენტის თანადგომით განახორციელებს.
“ზაფხულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, ჩამოვიყვანეთ 50 ბავშვი თავის თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში დაისვენეს აჭარაში.
ახლა ვმუშაობთ, რომ კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვიყვანოთ სავარაუდოდ, ნოემბერში ჩერნოგოვიდან, იმ რეგიონიდან, რომელიც პირველი დღეებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა და ალბათ, ამ პროექტსაც საქართველოს პარლამენტის თანადგომით, განვახორციელებთ. ეს ჯგუფი უკვე ფორმირებულია და ბილეთების შეძენის ეტაპზე ვართ.
ასევე, იყო პროექტები საბაჟო დახმარების კუთხით. ასეთი პროექტები ყოველდღიურად ხორციელდება და არის მუშაობა იმ მხრივ, რომ დავეხმაროთ მაქსიმალურად უკრაინელ ერს და ჩვენს მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა პირველ არხთან საუბრისას.