უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებისგან გამუდმებით მოდიოდა გაფრთხილება, რომ პუტინის შემდეგი სამიზნე საქართველო და მოლდოვა იქნებოდა. ხელისუფლება უკრაინასთან ომში რუსეთის დადანაშაულებას ფრთხილად ეკიდებოდა და მწვავე კრიტიკისგან თავს იკავებდა იმ მიზეზით, რომ “საქართველოში ომი არ გაჩაღებულიყო”, არ უსმენდა საკუთარ საზოგადოებას, რომელიც გამუდმებით უმეორებდა, რომ “ენის მოჩლეფვის პოლიტიკა” არ ამართლებს და დამპყრობელი ქვეყანა ჩვენთვისაც მოიცლის.
როგორც ჩანს, რუსეთს უკვე სურს, ეს ომი უფრო მასშტაბური გახადოს ან ქართული საზოგადოება მოსალოდნელი ომით დააშინოს, რადგან უკვე წამოვიდა ბრალდებები, თითქოს ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზებასა და განხორციელებაში სხვადასხვა პირებთან ერთად ქართველებიც ფიგურირებენ.
როგორც FSB-ს საგამოძიებო მასალებიდან ვიგებთ, რომელიც არც ისე სანდოა, ტროტილით დატვირთულმა ტრაილერმა სომხეთი, საქართველო და ბულგარეთი მოიარა და ყირიმის ხიდზე ასე მოხვდა. ეჭვმიტანილთა სიაში კი ქართული გვარები და სახელები იკითხება.
საბაჟოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამდენი ტროტილით დატვირთული სატვირთო ფიზიკურად ვერ გადალახავდა საზღვარს, ბრალდებები კი უსაფუძვლოა.
რუსეთის ბრალდებებზე დღეს პირველი კომენტარი გაკეთდა შსს-შიც. მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ უარყო საქართველოს შემხებლობა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან. მისი თქმით, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა.
რას ემსახურება რუსეთის ბრალდება და რამდენად რეალური ფაქტები აქვს FSB-ს ჩვენს წინააღმდეგ, აპირებს თუ არა პუტინი შანტაჟსა და დაშინებას, ან ჩვენთან სამხედრო კონფლიქტის გაღრმავებას – ამ კითხვებზე “მეტრონომს” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერს ეს სულაც არ სჭირდება, რადგან საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები კარგად აქვს დალაგებული:
“საუბარია სატვირთოს მიერ გავლილ გრძელ მარშრუტზე, ცოტა ვერ გავიგე, ძალიან უცნაური მარშრუტია. ეს ბრალდება სერიოზული არ მგონია, ვფიქრობ ეს არის FSB-ს იმიტაცია, თითქოს ყველგან აკონტროლებენ სიტუაციას. არა მგონია, პუტინს რაიმე მიზეზი სჭირდებოდეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებასთან ისედაც არანაირი პრობლემა არ აქვს, ეს არ იყო საქართველოზე აქცენტირებული გზავნილი, რამდენიმე ქვეყანაზეა საუბარი, სადაც სატვირთო უბრალოდ დადიოდა. ღარიბაშვილზე უკეთეს პრემიერს პუტინი ვერც ინატრებს, ამაზე კარგი პრემიერი ვინ უნდა დანიშნოს, ასე რომ ჩვენთან კონფლიქტის მიზეზს არ ეძებს” – განაცხადა ხუხაშვილმა.