მესამე პრეზიდენტის უცხოელი ადვოკატის მასიმო დანჯელოს თქმით, სააკაშვილის სასიცოცხლო პარამეტრები კრიტიკულ ზღვარზეა, რის შემდეგაც მოსალოდნელია კოლაფსი, ანუ მისი სიცოცხლის მოსპობის საფრთხე.
როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მესამე პრეზიდენტი დღეს ამერიკელმა ექსპერტმა შახინ ემანუელ ლახანმა მოინახულა და საგანგაშო სურათის დანახვით შეშფოთდა:
„ჩვენ დღეს გავარკვიეთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში.
ჩვენ დღეს შევძელით და სააკაშვილთა შევიდა ბატონი ლახანი, ამერიკელი ნერვოლოგი, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან სავალალო და საგანგაშო სურათი დაინახა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ამ დროისთვის შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დეგრადირებული. მას აქვს სასიცოცხლო საფრთხე თუკი მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ დაიწყება. ბატონი პრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს. ეს არ არის პროტესტი, ეს არის მისი ფიზიკური მდგომარეობა. მას არ შეუძლია ორგანულად საკვების მიღება. მისი სასიცოცხლო პარამეტრები არის ზღვარზე, რის მერეც ჩვენ კოლაფსი გველოდება. კოლაფსში ვგულისხმობ მისი სიცოცხლის მოსპობას.
ბატონი კობი, რომელიც არის ნობელის პრემიის ლაურეატი ამდენი დღის განმავლობაში მოთმინებით იცდიდა მისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხზე. თქვენ ხედავდით, ეს პატივსაცემი ადამიანი მსოფლიოში ძალიან ცნობილი ექიმი როგორ იჯდა და ელოდებოდა თანხმობას. იმისათვის რომ შეწყდეს საუბრები, ხომ არ იყო ჩვენი მხრიდან რაიმე დაჩქარების მეთოდი, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ბატონმა კობიმ უნდა მიიღოს ლიცენზია. შესაბამისად, მისი ფრენის გრაფიკი შეიცვალა და საქართველოში დარჩება, ვიდრე პრეზიდენტს არ ნახავს. ეს გამოწვეული არის საქმის სიმწვავიდან გამომდინარე. ბატონი პრეზიდენტის სისხლის მაჩვენებლები არაერთ შემთხვევაში არის არანორმალური. ბატონი კობი ბატონი ლახანი აკეთებს განცხადებას, რომ მსგავსი არ შეიძლება ადამიანს დაუფიქსირდეს, ეს ძალიან საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის“, – განაცხადა მასიმო დანჯელინომ.