aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა ჟურნალისტური გამოძიება საზოგადოება ჯანდაცვა

ჟურნალისტური გამოძიება: წამლებზე „ჯიპისის“ 300%-იანი ფასნამატი და კაბალისტი „კოლექტიური მონოპოლია“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მეტრონომის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტები და ჩანაწერები ცხადყოფს, რომ „ჯიპისის“ მედიკამენტებზე თითქმის 300%-იანი ფასნამატი აქვს

დღეს, საქართველოში ავად გახდომა კატასტროფას ნიშნავს. გაღატაკებული მოსახლეობისთვის აფთიაქის კარი ჯოჯოხეთის კარიბჭესთან ასოცირდება. პენსიონრებს პენსია არ ჰყოფნით, რომ თვიდან თვემდე მათთვის აუცილებელი მედიკამენტები შეიძინონ. ერთხელ, საშინელი სურათი ვნახე, როცა მოხუცი ქუჩაში ტიროდა. მას არ ჰქონდა აუცილებელი წამლის შესაძენი თანხა.

აფთიაქებში წამალს რომ ცეცხლის ფასი ადევს, არავისთვისაა უცხო. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და იწერება, მაგრამ ფარმაცევტულ ბაზარზე მოთამაშე, მონსტრი კომპანიების რეაქცია ნულია. არადა, მართლაც რთულია დაამტკიცო, რომ ამა თუ იმ ფარმაცევტულ კომპანიას, კონკრეტულ მედიკამენტზე 300-პროცენტიანი ფასნამატი აქვს. „მეტრონომმა“ ეს შეძლო ჟურნალისტური გამოძიებით, დოკუმენტებით, რომელიც ხელში ჩაუვარდა და იმედი მაქვს, ეს სტატია ახდის ფარდას კატასტროფულად მაღალ ფასებთან დაკავშირებულ პრობლემას, გააშიშვლებს იმ პერსონებს, რომლებიც სარფიანად იყენებენ შექმნილ მდგომარეობას და ამასთან, იმედია, თვალი აეხილებათ იმ პირებს, რომლებსაც შესწევთ უნარი რაიმე შეცვალონ…

როგორ იქმნება ფასები მედიკამენტებზე? როგორი ფასი ადევს რეალურად შემოტანილ წამლებს, როცა ფასნამატი საბოლოოდ, კატასტროფულ ციფრებს აღწევს? ნუთუ, არ არსებობს რაიმე რეგულაციის მსგავსი, რომ საზოგადოებას შეუმსუბუქოს ყოფა? შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების ჩარევით, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამ მწვავე საკითხის დღის წესრიგში დაყენება ისე, რომ არა მხოლოდ დეკლარირების, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის დონეზე, ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეს ყოფა ადამიანებს, ვისთვისაც, დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული მედიკამენტის შეძენა…

ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ჩვენს გვერდით არსებულ კომპანია „ეგზაჯორჯიას“, რომელიც მედიკამენტების იმპორტით არის დაკავებული, ჯანდაცვის სამინისტროდან სტუმრები ეწვივნენ.

“ჩვენ გახლავართ ჯანდაცვის სამინისტოს სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან” – ასე წარადგინა თავი ოთხმა პიროვნებამ. პროცესს მე შემთხვევით შევესწარი.

როგორც გაირკვა, საქმე ეხებოდა ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მონსტრი კომპანია „ჯიპისის“ საჩივარს. „ჯიპისიმ“ საჩივარი შეიტანა სამინისტროში „ეგზაჯორჯიას“ წინააღმდეგ. სამინისტროს წარმომადგენლები კი ამ კომპანიაში შემოწმების მიზნით შევიდნენ.

საჩივარში (იხილეთ საჩივარი ფოტო-1), „ჯიპისი“ აღნიშნავს,  აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია „ეგზაჯორჯიამ“ განახორციელა  შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია “მერკ სერანოს”  მიერ წარმოებული ორი კონკრეტული პრეპარატის (Gonal-F და Crainon) იმპორტი, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში რეგისტრირებულ პრეპარატს, თუმცა განსხვავებული შეფუთვით და რომ, არსებული შეფუთვა არ იძლევა პრეპარატის ავთენტურობის და საჭირო ლოჯისტიკის განხორციელების გარანტიებს. საჩივრის მიხედვით, არსებობს ალბათობა, რომ  მომხმარებლებისათვის მძიმე შედეგები დადგეს.

full

ერთი შეხედვით „ჯიპისის“ მადლობა ეკუთვნის, რადგან – მომხმარებელთა უფლებებზე ასე გულიანად ზრუნავს, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა,  რაელობა სულ სხვა იყო.

აღსანიშნავია, რომ „ჯიპისი“ თავად გახლავთ ზემოთ ნახსენები კომპანია „სერანოს“ წარმომადგენელი და მისი პრეპარატები საქართველოში შემოაქვს. რა თქმა უნდა, მათთვის არასასურველია,  რომ  იყოს ბაზარზე რომელიმე სხვა კომპანია, რომელიც პრეპარატს არ იყიდის მათგან და ალტერნატიულ იმპორტს განახორციელებს. ასევე ადვილი მისახვედრი გახდა, მას მერე რაც მორიგი ექსკლუზიური დოკუმენტი ჩაგვივარდა ხელში, რომ „ჯიპისის“ აქვს კონკურენტებზე ზემოქმედების ბრწყინვალე ბერკეტი რეგისტრირებული შეფუთვის სახით. მკითხველისათვის ადვილი გასაგები რომ იყოს, აქვე გეტყვით: „ჯიპისის“, როგორც შვეიცარული „სერანოს“ წარმომადგენელს საქართველოში, უკვე აქვს რეგისტრირებული ესა თუ ის მედიკამენტი თავისი საკუთარი შეფუთვით და თუკი იგივე მედიკამენტი სხვა შეფუთვით და იაფად გაჩნდა ქართულ ბაზარზე, მას მის წინააღმდეგ ბრძოლის ლეგალური მეთოდები აქვს შემუშავებული, მცირე განსხვავებით – ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილ ნებისმიერ დარეგისტრირებულ მედიკამენტზე „ჯიპისის“ ძალაუფლება არ მოქმედებს.

ერთი შეხედვით, კატასტროფა არაფერია, თუკი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, როგორც ამ ქარხნის ექსკლუზიურმა კომპანიამ, მოითხოვოს სხვა შეფუთვის მედიკამენტის ბაზრიდან განდევნა, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება არაევროკავშირი ქვეყნიდან შემოტანილ მედიკამენტს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეშია:

დოკუმენტი (იხილეთ ფოტო-2), რომელიც “მეტრონომს“ ხელში ჩაუვარდა, მაღლა ნახსენები მედიკამანტების Gonal-F-ის და Crainon-ის საბაჟო დეკლარაციაა, სადაც არის მითითებული ამ პრეპარატების ფასები: Gonal-F ღირს 11,03 აშშ დოლარი, ხოლო  Crainon – 13,28 აშშ დოლარი. ალბათ, გაინტერესებს რა ღირს ეს მედიკამენტები დღეს „ჯიპისის“ აფთიაქებში?

Gonal-F ღირს 82 ლარი, ხოლო  Crainon – 145 ლარი.

Full_2

მკითხველს აქვე უნდა ვუთხრათ, რომ საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მედიკამენტების მწარმოებელი არის იგივე „სერანო“, ანუ საუბარია ორი, სხვადასხვა კომპანიის მიერ შემოტანილ, ერთი და იგივე ქარხნის, ერთი და იმავე მედიკამენტზე. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კოლოფს გარედან აქვს წარწერა სხვა ენაზე.

აქ ყველაფერი ხელის გულზე დევს. თუკი ერთი და იგივე ქარხნის მიერ გამოშვებული ერთი და იმავე მედიკამენტზე ვსაუბრობთ და ფასებს შორის განსხვავება, უხეშად რომ ვთქვათ,  300%-ია, მკითხველს სრული უფლება აქვს, ისევე როგორც პირადად მე, მქონდეს ეჭვი, რომ „ჯიპისი“ თვითღირებულებას ფანტასტიკურ რიცხვს უმატებს სარფიანი მოგების მისაღებად. ეჭვი ეჭვად, მაგრამ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.

შედეგი ნამდვილად გამაოგნებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ციფრები არ ტყუიან: უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ – 11,03 დოლარიანმა(დღევანდელი კურსით 27 ლარი) Gonal-F-მა განიცადა 203%-იანი ფასმატება და გახდა 82 ლარი, ხოლო 13,28 (32 ლარი) დოლარიანმა Crainon-მა განიცადა 353%-იანი მატება და გახდა 145 ლარი.

საზოგადოებაში გამუდმებით საუბრობენ, რომ წამლები ძვირია და ფარმაცევტული კომპანიები ხელს ითბობენ მაღალი მოგებით. აქამდე არსად არ არსებობდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, მაგრამ „მეტრონომის“ მიერ მოძიებული ფაქტები რომლებიც 200-350%-იან მარჟაზე მეტყველებენ, მხოლოდ საუბრის თემა აღარ უნდა იყოს, ამაზე რეაგირება უნდა ხდებოდეს.

„მეტრონომს“ სპეციალისტებმა უთხრეს, რომ მაგალითად, მოლდოვაში არსებობს გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც 300-პროცენტიანი ფასნამატი კანონით არ შეიძლება. მოლდოვაში არსებობს 15-20 პროცენტიანი ზღვარი, რითაც მონოპოლისტებს, საქართველოსგან განსხვავებით, ვერც ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი და ვერც ფართოდ აქვთ პირი ღია უკიდეგანო მოგების მისაღებად. მთავარი ის არის, რის და ვის ხარჯზე ხდება ასეთი მოგების მიღება? ვის კისერზე მდიდრდებიან ასე სწრაფად მსგავსი კომპანიები? მკითხველისთვის ეს რიტორიკული კითხვები ადვილად გასაგებია…

რა თქმა უნდა, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, თავდაპირველად, ჩვენ ვცადეთ მობილურ ტელეფონზე კომპანია „ჯიპისის“ გენერალურ დირექტორთან, ბატონ კილაძესთან დაკავშირება. ჩვენი მცდელობების მიუხედავად, ის ტელეფონს არ პასუხობდა. ამის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ თეა ჯავახიშვილს, რომელმაც დაგვპირდა, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვებზე წერილობით პასუხებს გამოგვიგზავნიდა. ამასთან, ჩვენ მას ვთხოვეთ, რომ პასუხი ჩვენს შეკითხვებზე გაეცა უშუალოდ კომერციულ დირექტორს, დავით კიკნაძეს, რომელიც მაღლა ნახსენები საჩივრის ხელმომწერია, ან თავად გენერალურ დირექტორს, დავით კილაძეს. გამომდინარე შემდგომში განვითარებული მოვლენებიდან, აუცილებლად ჩავთვალე ქვევით, მკითხველისთვის გამოვაქვეყნო ჩემს მიერ „ჯიპისისადმი“ გაგზავნილი შეკითხვები:

– “ჯიპისის” საჩივრის წერილში (გიგზავნით ამ წერილის ასლს), რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით არის გაგზავნილი და რომელსაც ხელს აწერს კომერციული დირექტორი დავით კიკნაძე,  აღნიშნულია, რომ ფირმა “ეგზაჯორჯიას” მიერ შემოტანილი პრეპარატები იმის გამო რომ არარეგისტრირებული შეფუთვისაა, შესაძლოა საშიში იყოს მოხმარებლისათვის. როგორც ჩვენ დოკუმენტებში ვნახეთ პრეპარატის შიგთავსი იგივეა, განსხვავებულია შეფუთვა. გთხოვთ გაგვიმარტოთ, ამ კონკრეტული შემთხვევისთვის, რა საფრთხეებზე საუბრობს თქვენი კომპანია? კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს?

– “ეგზაჯორჯიაში” ვარაუდობენ, რომ  ჯიპისიმ” მისი ამ ნაბიჯით აღკვეთა კონკურენტი კომპანიის მიერ იგივე პრეპარატის შესაძლო შემოტანა გაცილებით იაფ ფასად. თუკი თქვენი და “ეგზაჯორჯიას” მედიკამენტები ერთი და იგივე ქარხნისაა, და ფასში ასეთი ცვლილებაა, რატომ მიუთითებთ ამავე წერილში, რომ მედიკამენტები შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

– თუ შეიძლება გვითხრათ, საშუალოდ, რას შეადგენს “ჯიპისის” მიერ იმპორტირებულ პრეპარატებზე ფასნამატი? რა არის მაქსიმალური, მინიმალური მარჟა შესყიდვის  და გასაყიდ ფასებს შორის?

– ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოების მუშაობის ეფექტიანობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? როგორი წარმოდგენა გაქვთ ფარმაცევტულ სფეროში საკანონმდებლო რეგულაციებზე? არის თუ არა რაიმე შესაცვლელი საკანონმდებლო კუთხით, ან უნდა გააქტიურდნენ თუ არა კანონმდებლები ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დასარეგულირებლად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების თვალსაზრისით? 

– ხედავთ რაიმე გზას იმისათვის, რომ წამლებზე არსებულმა ფასებმა დაიწიოს პერსპექტივაში? მითუმეტეს, როცა აგერ მინისტრმა უკვე დააანონსა, რომ შესაძლებელი ყოფილა ფასების ვარდნა ახალი კომპანია “ჰუმანიტი ჯორჯიას” მეშვეობით?

 – რამდენია საშუალო ხელფასი “ჯიპისის” აფთიაქში ფარაცევტგამყიდველის?

ერთდღიანი ლოდინის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ „ჯიპისიდან“ პასუხები იგვიანებდა, გადავწყვიტე თავად დავკავშირებოდი ქალბატონ თეას. დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია აქვე ვუთხრათ, რომ სატელეფონო საუბარი „მეტრონომმა“ ჩაწერა. პირველი მისი რეაქცია და დაინტერესება იყო ის, თუ როგორ ჩაგვივარდა ხელში ჟურნალისტებს ერთი კომპანიის მიერ მეორე კომპანიის მიმართ დაწერილი საჩივარი. თეა ჯავახიშვილმა გვითხრა, რომ კომპანია არ უპასუხებდა მიღებულ კითხვებს, რადგან იგი ეხებოდა კონკრეტულად ორ კომპანიას შორის ურთიერთობას.

თეა ჯავახიშვილი: მე იურისტთან გავიარე ეს საკითხი და მას აინტერესებს, როგორ მოხვდა ეს საჩივარი თქვენთან, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია… ეს პირველი, და დანარჩენი ინფორმაციაც ისეთი იყო, რომ ახლა გამიჭირდება კომენტარის გაკეთება და ვერ მოვიცალე და ალბათ… თუ რეკავდით ვერ გიპასუხებდით… მაგის გამო…

– ქალბატონო თეა, იქ არის კითხვებიც, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, რომელიც ეხება უშუალოდ ფასებს

– შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის პოზიცია მოცემულია იმ წერილში, რომელიც თქვენ გაქვთ

– შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ეს არის ბატონი კიკნაძის, ან კილაძის კომენტარიც?

– არა… დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით

– იქ იყო ისეთი კითხვებიც, რომელიც არ ეხება ორ კომპანიას შორის ურთიერთობას, ეხება მედიკამენტების ფასებს და რომელიც აინტერესებს საზოგადოებას…

– ნახვამდის… კარგად ბრძანდებოდეთ – ეს იყო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბოლო სიტყვები.

maxresdefault

 

მკითხველი თავად მიხვდება, თუ რატომ ვერ გასცეს სრულფასოვანი პასუხი „ჯიპისის“ წარმომადგენლებმა მედიას. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს მთავარი პრობლემა მათთვის ის კი არ არის, თუ რა პრობლემა იყო წამოწეული წინა პლანზე მათთვის გაგზავნილ კითხვებში, არამედ მთავარი არის ის, თუ როგორ აღმოჩნდა საჩივარი ჟურნალისტების ხელში. კითხვები და ბრალდებები აშკარად სერიოზულია. სერიოზულ კითხვებზე პასუხის გაცემის პრეროგატივა კი როგორც გამოჩნდა, მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელობას ძალუძს. კილაძე კი უცხო ნომრებს არ პასუხობს. თუმცა, მას კომპანიაში აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კერძო კომპანიაა, წესით ვალდებული უნდა იყოს უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საზოგადოებასთან უნდა იურთიერთობოს.

ამის შემდეგ, ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს. “მეტრონომის” მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხი გასცა ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა, დავით მაჭარაშვილმა.

– შესაძლებელია თუ არა ჩვენი ლაბორატორიებით და ძალისხმევით, ორი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ერთი და იგივე მედიკამენტის ხარისხის შედარება?

– როგორც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ისე წამლის ხარისხის კონტროლის სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიას, აქვს კომპეტენცია და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს ორი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ერთი და იგივე პრეპარატის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი, მწარმოებლის სპეციფიკაციისა და ანალიზის მეთოდების და/ან საერთაშორისო სტანდარტების მონოგრაფიების მოთხოვნათა შესაბამისად.

– ჩვენი ინფორმაციით, ევროპიდან შემოტანილი მედიკამენტების ფასი (საბაჟომდე) და დახლზე არსებული იმავე მედიკამენტის შედარებისას ფასნამატი ხანდახან 3-ჯერ მეტია… არსებობს თუ არა სამინისტროში რაიმე მექანიზმი და ფასმატების შეზღუდვის რეგულაციები ამ მიმართულებით?

– გაცნობებთ, რომ ფარმაცევტული პროდუქტის ფასწარმოქმნის და ფასებზე კონტროლის საკითხი  სცილდება  შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს  კომპეტენციას.         ფასების დონესა და ფასწარმოქმნის ფაქტორებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის რაიმე ტიპის მეთოდებით ზემოქმედება. სამკურნალო საშუალებების ღირებულებას დამოუკიდებლად საზღვრავენ  თავად ფარმაცევტული კომპანიები. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, თავისუფალი (საბაზრო) ფასი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების გავლენით, თავისუფალი კონკურენციის, მოქმედი საგადასახადო სისტემისა და ყიდვა-გაყიდვის აქტის მონაწილე მხარეთა ინტერესების თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, ყოველ მეწარმეს, უფლება აქვს მყიდველს შესთავაზოს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ფასი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს არ გააჩნია უფლებამოსილება განახორციელოს ფასწარმოქმნის ეკონომიკური პირობების რეგულირება, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, ის არ ფლობს ინფორმაციას წამლის ფასის ზრდის მიზეზების, სამომავლოდ დაგეგმილი  ცვლილებების, თუ სხვა ქვეყნებში მიმოქცევაში არსებული ფარმაცევტული პროდუქტის ღირებულების შესახებ.

– როგორც ვიცი, მაგალითად მოლდოვაში მსგავსი შეზღუდვები არსებობს. რატომ არ მიდის სამინისტრო იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობის ყოფა შედარებით შემსუბუქდეს და ფასები დავარდეს სააფთიაქო ქსელებში?

– წამლის ფასზე რეგულირების მექანიზმი მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნაში ჩარევამ შესაძლოა შექმნას გარკვეული დეფიციტი წამლის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

– მუშავდება თუ არა, თუგინდ იდეის დონეზე მაინც რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა ფარმაცევტულ ბიზნესთან და ბაზართან დაკავშირებით, სადაც რეალურად, ამინდს დღეს 3-4 კომპანია ქმნის, რომელიც ხელ-ფეხს გაუხსნიდა დამწყებ ფირმებს, რომ ფეხი მოიკიდონ ამ ბიზნესში?

– ამ ეტაპზე, მომზადებულია კანონპროექტი ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ, რომელიც სრულყოფის პროცესშია. კანონპროექტით გათვალისწინებულია მაქსიმალური ხელშეწყობა ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული სუბიექტებისთვის, თუმცა, არც მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს მეწარმეს განახორციელოს ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო და/ან საცალო რეალიზაცია და ბაზარი გახსნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეეებზე და ცდილობდეს ყოფა შეუმსუბუქოს მათ. უნდა არსებობდეს გარკვეული გათვლები, საკანონმდებლო ინიციატივები, სხვა ქვეყნების გამოცდილების სათანადოდ შესწავლის მაგალითები და რაც მთავარია, მონოპოლიების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებები.

უნდა აღინიშნოს ერთი პოზიტივიც. ჯანდაცვის მინისტრმა ამასწინათ, დააანონსა, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ 30 მილიონი ჩაურიცხა ერთ-ერთ ფირმა „ჰუმანიტი ჯორჯიას“, რომელმაც, პერსპექტივაში, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა საკმაოდ დაბალ ფასებში უნდა მოახდინოს. ამ თემაზე, რამდენიმე დღი წინ, ვრცელი სტატია „მეტრონომმა“ უკვე გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფირმაში, პოლიტიკოს დავით საგანელიძის ძმისშვილი წამყვან თანამდებობაზე მუშაობს, რაც საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს, თავად სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. თუმცა, ხელისუფლებას, მომავალში, მოუწევს მედიის და საზოგადოების მხრიდან წამოსულ იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც უშუალოდ ფირმა „ჰუმანიტი ჯორჯიასთვის“ კოლოსალური თანხის გადარიცხვას უკავშირდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „პეესპეს“ შეფი კახაბერ ოქრიაშვილიც გამოეხმაურა მინისტრ სერგეენკოს განცხადებას. ოქრიაშვილის თქმით, საკვირველია ის, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ლობირებს არა დარგს, არამედ ერთ კონკრეტულ პროექტს. ოქრიაშვილის თქმით, კომპანია „პეესპე” უმსხვილესი ინვესტორია ჯანდაცვის სფეროში. ეს არის კომპანია, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ამ ქვეყანაში 300 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ასეთ პირობებში, ოქრიაშვილს უკვირს, რატომ არ მიმართა არავინ „პეესპეს”, რადგან როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, მათ აქვთ როგორც ფული, ისე გამოცდილება.

აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად სამართლიანი იყო ბატონი კახაბერის შენიშვნა, არამედ ის, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი მონსტრი კომპანიის, ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს 30-მილიონიანი ინვესტიცია, რითაც თავად, ირიბად თუ პირდაპირ, ადასტურებს, რომ მედიკამენტებზე ფასდაკლება შესაძლებელი ყოფილა. არადა, თავად აცხადებს, რომ 300 მილიონის ინვესტიცია უკვე მან მოახდინა. საინტერესოა, სად იყო ოქრიაშვილი და მისი იდეები ამ მიმართულებით მაშინ, როცა 300-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებდა? რატომ არ გამოიჩინა ინიციატივა და არ მიმართა სამინისტროს ამოდგომოდა მას მხარში იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ფასები დავარდნილიყო და სოციალურად გაღატაკებული ადამიანებისთვის შვება ეგრძნობინებინა?

როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ კარგად ჩახედული ზურაბ ჭიაბერაშვილი „მეტრონომთან“ აცხადებს, დღევანდელი სოციალური ყოფის გათვალისწინებით მედიკამენტებზე ფასების შემცირება კარგი იქნება. თუმცა, მისი აზრით, დაბალი ფასი ნიშნავს თუ არა დაბალი ხარისხის მედიკამენტს, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაარკვიოს. ამისათვის კი საჭიროა შესაბამისი, სერიოზული ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, რომელიც, მიუხედავად სამინისტროს მხრიდან გაცემული დამაიმედებელი პასუხებისა, ქვეყანაში არ არსებობს.

ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აღიარებს, რომ ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის კარგი მექანიზმი.

სერგეენკო აცხადებდა, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა გაეუმჯობესებინა წამლის კონტროლის მექანიზმი და 3-დონიანი სისტემიდან ქვეყანა 5-დონიან სისტემაზე უნდა გადასულიყო, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებაში, ლაბორატორიების თემა იმიტომ წამოვწიეთ, რომ დღეს, საქართველოში, ლიცინზირებისათვის, ნებადართულია წამლების ექსპორტი მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებიდან. მაგალითად, თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ლიცინზირება ქვეყანაში ვერ ხდება. არადა, თავისუფლად შეიძლება, ლაბორატორიების არსებობის და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცვლილებების შემთხვევაში, საზოგადოების ყოფა სერიოზულად შემსუბუქებულიყო.

04_big

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროცესში გაჩნდა გარკვეული კითხვები ფარმაცევტულ ბაზარზე ლიდერ კომპანიებს შორის ურთიერთობებზეც. გამოძიების მიხედვით დადგინდა, რომ  თუკი „ჯიპისის“ შევეიცარულ „სერანოსთან“ აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი და კონკრეტული მედიკამენტები მას შემოაქვს, ასევე სხვა ქარხნებიდან სხვადასხვა ექსკლუზივები აქვთ ბაზარზე მოქმედ სხვა ფარმაცევტულ მონსტრებსაც. როგორც ირკვევა, ისინი ბარტერული წესით, ერთმანეთში ცვლიან მედიკამენტებს, რომ „კოლექტიური მონოპოლიის“ პრინციპით, მათ დახლებზე ყველა სახის მედიკამენტი იდოს.

კომპანია „ეგზაჯორჯიას“ დამფუძნებელთან, დავით ბეჟუაშვილთან, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება, სატელეფონო გასაუბრება შევძელით. მას კომენტარი  ვთხოვეთ, თუმცა საბოლოოდ, ინტერვიუ გამოგვივიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეტრონომი“: ბატონო დავით, „ჯიპისიში“ აცხადებენ, რომ  თქვენმა შემოტანილმა პრეპარატმა  შესაძლოა მომხმარებელს ზიანი მიაყენოს...

დავით ბეჟუაშვილი: „კონტრშეკითვით გიპასუხებთ. ეს როგორ? თუ ეს პრეპარატი იმავე ქვეყანაში იმავე ქარხანაში და იმავე ტექნოლოგიური პროცესით მზადდება, რომლითაც ის პრეპარატი, რომელსაც ბატონი კილაძე ყიდის მის ქსელში“?

ისინი, თქვენს წინააღმდეგ დაწერილ საჩივარში აცხადებენ, რომ შეიძლება ლოჯისტიკა იყოს არაშესაბამისი

–  „ბავშვიც მიხვდება რომ  უსუსური არგუმენტია… რვა ქვეყანაში ვაწარმოებ ბიზნეს და როგორმე ლოჯისტიკა გვეცოდინება… მოდით პირდაპირ ვთქვათ,  ეს არის ტიპიური მონოპოლისტის პოლიტიკა, გამოიყენოს სხვადასხვა მექანიზმები კონკურენტის  შესაკავებლად. რაში სჭირდება „ჯიპისის“, „ავერსს“ ან „პეესპეს“ იყვნენ ბაზარზე ისეთი კომპანიები, რომლებიც მათ სასურველ ფასწარმოქმნაში კორექტივებს შეიტანენ“?

–  დიახ, მაგრამ არსებობს ანტიმონოპოლიური კანონი და შესაბამისი სამსახური, რატომ არ მიმართავთ?

– „სამწუხაროდ არ მსმენია, რომ ანტიმონოპოლირ სამსახურს რომელიმე მონოპოლია მოესპოს საქართველოში. ზოგადად, რთული პროცესია ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა გამოიყენო აქ. მაგრამ, სახელმწიფოს ნამდვილად შეუძლია ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლითაც მონოპოლიებს შეასუსტებდა.  სამწუხაროდ საპირისპირო სურათი გვაქვს – სწორედ სახელმწიფო რეგულაციას იყენებს მონოპოლისტი, ამჯერად „ჯიპისი“, პრობლემა შეუქმნას კონკურენტს, რომელსაც პრეპარატი იაფად შემოაქვს. გონიერი ხელისუფალი უნდა დაფიქრდეს ამაზე და რეაგირება მოახდინოს“.

–  ხედავთ იმის შესაძლებლობას რომ პრეპარატები გაიაფდეს,?

– „უფრო მეტიც, მე ვხედავ ამის აუცილებლობას. გვაქვს რეალური პრობლემა. წამლები ძვირია. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ფინანსურად შეჭირვებულია. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ფარმაცევტული კომპანიები 200 და მეტ პროცენტიანი მარჟით მუშაობენ. დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რომ მიხვდე, მარჟა შემცირდება – წამლები გაიაფდება.  მონოპოლისტი თავის ნებით ფასს არ დაწევს, ამიტომ სახელმწიფო სამედიცინო პრეპარატების ფასწარმოქმნაში ჯანსაღად და ეფექტურად უნდა ჩაერიოს, როგორც ეს მთელს ევროპაში ხდება“.

ევროპამ ამას წლები მოანდომა. ჩვენ როდის შევძლებთ?

– „წლები მოანდომა პროცესის დახვეწას და დღესაც აგრძელებს, მაგრამ არის პრეპარატების ფასწარმოქმნის ევროპულ სტანდარტებში ისეთი მარტივად განსახორციელებელი რეფორმა, რომელსაც საქართველოს შემთხვევაში, მყისიერი ეფექტი ექნება და ეს არის უკუგების, იგივე მოგების ზღვარის დაწესება – ე.წ. “Back-rate cap”. აღარ ექნებათ ამ შემთხვევაში მონოპოლისტებს 200 და 300 პროცენტიანი მარჟის გამოყენების საშუალება და ფასიც დაიწევს. თავისუფალი ბაზრის ქომაგებს კი ვეტყვი, რომ ეს სქემა წარმატებით მუშაობს განვითარებული ევროპის რიგ ქვეყნებში“.

და თქვენი აზრით რატომ არ აკეთებს სახელმწიფო ამას?

– „სწორ პასუხს თავად სახელმწიფო გაგცემთ ალბათ….  ვერაფერს ვიტყვი არის თუ არა აქ რაიმე სუბიექტური ფაქტორები. თუმცა, დღევანდელი მონოპოლიები დიდ ფინანსურ რესურსებს რომ ფლობენ ცნობილია და ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად ამ რესურს გამოყენებას შეეცდებიან. მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ეკონომიკური. ვგულისხმობ, თუკი ფარმაცევტულ კომპანიებს შემოსავალი შეუმცირდებათ, მილიონობით ლარით შემცირდება  საბიუჯეტო შემოსულობები გადასახადების სახით. მაგრამ, იმ ვითარებაში, როცა საყოველთაო დაზღვება მოქმედებს ქვეყანაში,  სახელმწიფოს თავადაც ძვირი უჯდება წამლის შეძენა დაზღვეულისათვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ არსებული სტატისტიკით ქვეყნის ჯანდაცვის ხარჯებში მედიკამენტების ხარჯი დაახლოებით 60%-ს შეადგენს, მივხვდებით, რომ ბიუჯეტისათვის  შემოსავალ-გასავალი მეტ-ნაკლებად, დაბალანსდება და ბიუჯეტი არ დაზარალდება.

სამაგიეროდ მოგებული რჩება  მოსახლეობა,  რომელიც  მონოპოლისტის მოგების ხარჯზე მიიღებს გაიაფებულ წამალს.

სხვათაშორის ბოლო მონაცემი რაც ვახსენე – 60%, იგივი მონაცემი ევროპაში 15%-ს არ აღემატება. მხოლოდ ეს მაჩვენებელიც საკმარისია ლუსტრაციისათვის, თუ რა არაადეკვატური ფასები გვაქვს მედიკამენტებზე ქვეყანაში.  ვიმეორებ, პრობლემის მოგვარების გასაღები სახელმწიფოს ხელშია და მან ეფექტურად უნდა იმოქმედოს – მიიღოს რეგულაციები მონოპოლიების თუ ოლოგოპოლიების შესუსტების მიმართულებით  და არა პირიქით – როცა „ჯიპისის“ საჩივრით „ჯიპისისვე“ კონკურენტებს ზღუდავს  და მონოპოლისტის პოზიციებს ამყარებს“.

– უკანასკნელ დღეებში “ჰუმან ჯორჯიას” თემაა აქტიური, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა იკვეთება, თუმცა, საუბრობენ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან  ლობირებაზეც, თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით:

 -„სუბიექტურ ფაქტორებზე ვერაფერს ვიტყვი. საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს,  მაგრამ დადებითად მენიშნა არსებული ოლიგოპოლიის სუბიექტების  შეშფოთება, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. „პეესპეს“ მფლობელებმა მინისტრის კრიტიკა დაიწყეს, რაც მეტად უჩვეულოა მათი მხრიდან. „ავერსი“ ვალუტის კურსზე ალაპარაკდა, „ჯიპისიმ“ კიდევ აპოკალიპტური სურათი დახატა – კრიზისული გეგმით ვმუშაობთო. თუ ნებას მომცემთ, რეზიუმეს სახით გეტყვით: ამ ე.წ. აპოკალიპსის,  საჩივრის,  კაბალური საფასო პოლიტიკის,  რიგითი თანამშრომლების არაადექვატური შრომის ანაზღაურების, გაუმჭვირვალე სისტემის პირობებში, ბატონი კილაძე და მისნაირები თანამედროვე ბიზნესმენებს კი არა, უფრო ბურჟუაზიული ეპოქის კაპიტალისტებს მომაგონებენ. მათთვის პროგრესი კარგად გარემონტებული ოფისით და კომპიუტერებით შემოიფარგლება, არადა რეალური პროგრესი მართვის სტილში და ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობაშია, რომელიც მოიცავს ფასწარმოქმნის პოლიტიკასაც, და რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ჩვენს ქვეყანაში“.

და ბოლოს, იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებული აქტიურობა მედიკამენტების ფასების დაგდებასთან დაკავშირებით, მხოლოდ დეკლარირების დონეზე არ დარჩება და შედეგს მოიტანს. დღეს არსებული სურათით კი, ძალიან ადვილი გასააზრებელია, ყველაფერ იმის ფონზე, რაც „მეტრონომმა“ გამოიძია, დავინახოთ, თუ რა ძნელია საქართველოში დაიწყო ფარმაცევტული ბიზნესი, თუ შენც არ გახდი ამ ე.წ. „კოლექტიური მონოპოლიის“ ნაწილი. ზუსტად ამის ბრალია, რომ წამლის ფასი უპრაკუნოდ ცხვება. ამ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, გონივრული ვარაუდიც კმარა იმისთვის, რომ გააანალიზოს კაცმა, რა კაბალურ პირობებს ქმნის კომპანია, როცა, საბოლოო ჯამში, 300%-იან ფასნამატს აწესებს და წურბელასავით წოვს სისხლს იმ ქუჩაში მომტირალ მოხუცისნაირ მოქალაქეს, რომელსაც გადასარჩენი მედიკამენტის ფული არ აქვს. და რა ქნას, დღეს მოსახლეობამ? სხვა გზა თუ არ არის, ისევ „ჯიპისიში“ იყიდოს წამალი და ისევ, 300%-იანი ფასნამატით?

გენო ჯოხიძე

P.S. მოგვიანებით, რედაქცია დაინტერესდა, რა სახის  სანქცია  დააკისრა მარეგულირებელმა „ჯიპისი“ საჩივრის საფუძველზე, კომპანია „ეგზაჯორჯიას“. ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალური წერილი მივიღეთ, საიდანაც ირკვევა, რომ არანაირ სანქციას ადგილი არ ჰქონია. რეალურად, როგორც ჩანს, ეს იყო ცრუ განგაში. არარეგისტრირებული შეფუთვის შემოტანის ერთეული შემთხვებებისათვის არსებობს სპეციალური პროცედურა, რომლითაც კომპანია „ეგზაჯორჯიას“ მსგავსი პრეპარატები საკუთარი, კონკრეტული პაციენტებისათვის  შემოაქვს.

იტვირთბა....