aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ვინ არის მასკევიჩი და რა ინტერესები გაუჩნდა საგანელიძის სანათესაოს ფარმაცევტულ ბიზნესში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის სამინისტროს კეთილშობილი ინიციატივა, რომელსაც საგანელიძე-მასკევიჩის შეხვედრა აბუნდოვანებს

საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი კომპანიაა, იგი რკინიგზიდან, ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებულ მოგებას საინვესტიციო პროექტებში დებს. ფონდის თავმჯდომარე, დავით საგანელიძეა. დეკემბერში საპარტნიორო ფონდმა ფარმაცევტულ კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ 30 მილიონით ინვესტირება დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ კომპანიის დირექტორის მოადგილე  დავით საგანელიძის ძმის შვილი გიორგი საგანელიძეა.

საპარტნიორo ფონდის მიერ „ჰუმანითი ჯორჯიასთვის“ გადარიცხული 30 მლნ აშშ დოლარი მრავალ კითხვას ბადებს.

ჩვენთან საუბარში  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მნიშვნელოვან გარემოებებს იხსენებს, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს საპარტნიორო ფონდის ახლანდელი ხელმძღვანელის დავით საგანელიძის მიმართ.

„კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ 2015 წელს დარეგისტრირდა და არანაირი გამოცდილება ფარმაცევტულ სფეროში არ აქვს. თუ საქართველოს მთავრობა, ამ შემთხვევაში საპარტნიორო ფონდის მეშვეობით დებს კონტრაქტს რომელიმე კომპანიასთან, მაშინ ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კომპანია არის ძალიან კარგი ისტორიის. როგორც ირკვევა კომპანია სახელდახელოდ არის შექმნილი და ახლა იწყებს საერთოდ საქმიანობას და საქმიანობას იწყებს არა საკუთარი კაპიტალით, არამედ პრაქტიკულად იმ კაპიტალით, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადასცა მას კრედიტის სახით. ეს არის ჩვენი ფული, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანდო მაინცდამაინც ამ ახადშექმნილ კომპანიას. თან რამდენიმე დამთხვავაა. კერძოდ ის, რომ 2012 წლის ბოლოსვე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მეგობარი ბიზნესმენი მასკევიჩი, შემოვიდოდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ამ მიზნით, მასკევიჩი რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული, 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც ის ჩამოვიდა მას შეხვდა დავით საგანელიძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ დეპუტატი იყო და ამჟამად საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელია.“-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

რატომ შეხვდა ფარმაცევტული ბიზნესით დაინტერესებული მასკევიჩი საქართველოს პარლამენტის დეპუტატ საგანელიძეს ჭიაბერაშვილს პასუხი არ აქვს.

„არსებობს  მაშინდელი ჩანაწერი, სადაც საგანელიძე ლაპარაკობს იმასთან დაკავშირებით, რომ მასკევიჩთან ჰქონდა მოლაპარაკებები სწორედ ფარმაცევტულ ბიზნესთან დაკავშირებით. ახლა  როდესაც საგანელიძე არის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, ეს ფონდი ხალხის ფულს, 30 მლნ დოლარს გადასცემს სახელდახელოდ შექმნილ კომპანიას და არსებობს ვარაუდი, რომ ეს კომპანია გარკვეულ კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან და მასკევიჩთან.  ამ კომპანიის წარმომავლობით  ჯანდაცვის სამინისტრო და თავად მინისტრი  დავით სერგეენკო უნდა დაინტერესდნენ“. – ამბობს ჭიაბერაშვილი.

„ჰუმანითი ჯორჯია“ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევასა და ინდოეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტს გეგმავს. კომპანიამ საპარტნიორო ფონდს ახალი ფარმაცევტული საწარმოს აშენების პროექტით მიმართა, რასაც ფონდი დათანხმდა.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი სოციალური ყოფის გათვალისწინებით მედიკამენტებზე ფასების შემცირება კარგი იქნება, თუმცა, მისი აზრით, დაბალი ფასი ნიშნავს თუ არა დაბალი ხარისხის მედიკამენტს, ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაარკვიოს.

„ჰუმანითი ჯორჯია“ აპირებს იაფი წამლის შემოტანას ინდოეთიდან, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რის ხარჯზე? თუ სიიაფე არის ხარისხის ხარჯზე, მაშინ ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. თვითონ ინდოეთიდან შემოტანა ეს თავისთავად ნეგატიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება, რადგანაც მსოფლიოს ფარმაცევტული წარმოების ძალიან დიდი ნაწილი დღეს ინდოეთშია თავმოყრილი. აქ მნიშვნელოვანია სხვა მომენტი. ინდოეთში ის საწარმო, საიდანაც „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოაქვს წამალი არ ხვდება იმ საწარმოთა ნუსხაში, რომელთა ხარისხიც შემოწმებული და გარანტირებულია. აქ მთავრი საკითხი საგანელიძის ფაქტორის გარდა არის ის, რომ რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო ხარისხის კონტროლს“. – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აღიარებს, რომ ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის  კარგი მექანიზმი. წინა ხელისუფლების დანატოვარი 3 დონიანი მექანიზმი მოქმედ მინისტრს არ მოეწონა. მეტიც, სერგეენკო აცხადებდა, რომ ახალ ხელისუფლებას უნდა გაეუმჯობესებინა წამლის კონტროლის მექანიზმი და 3 დონიანი სისტემიდან ქვეყანა 5 დონიან სისტემაზე უნდა გადასულიყო, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

2015 წლის სექტემბერში კი ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება დაანონსა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაზარზე „ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჰუმანითი ჯორჯიასთვის“  დაფინანსების გამოყოფაში აქტიურად ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდა.

“საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით, Humanity Holding Gmb H-მა სს „ჰუმანითი ჯორჯია” (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” (Humanity Georgia) შორის გააფორმდა. ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.” – წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში.

„ჰუმანითი ჯორჯიას“ მედიკამენტთა ხარისხზე აკეთებს აქცენტს „პე -ეს -პე“-ს დამფუძებელი კახაბერ ოქრიაშვილი.

„ყველა მათგანი წარმოებულია ინდოეთში, რომელიც არ შედის ინდოეთის ტოპ 500 ქარხანას შორის. ეს ქარხნები არ ფიქსირდება ევროპაში. თუმცა, მთავარია ხარისხი, რომლის კონტროლიც უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს, ან რომელიმე დამოუკიდებელ სტრუქტურას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ფასები. ვფიქრობ, რომ ამ ინდური პროდუქციის ფასები უნდა იყოს 20-30-40 თეთრი. იმიტომ, რომ ამ ქარხნის პროდუქცია ამ ფასებში იყიდება.” – აცხადებს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილის თქმით, საკვირველია ის, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ლობირებს არა დარგს, არამედ ერთ კონკრეტულ პროექტს. ოქრიაშვილის თქმით, კომპანია „პე ეს პე” უმსხვილესი ინვესტორია ჯანდაცვის სფეროში. ეს არის კომპანია, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ამ ქვეყანაში 300 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა. ასეთ პირობებში, ოქრიაშვილს უკვირს, რატომ არ მიმართა არავინ „პე ეს პეს”, რადგან როგორც ოქრიაშვილი აცხადებს, მათ აქვთ როგორც ფული, ისე გამოცდილება.

ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით საპარტნიორო ფონდს. საკმაოდ ბევრი კითხვები დაგვიგროვდა. გვაინტერესებდა რა კრიტერიუმებით შეარჩიეს  „ჰუმანითი ჯორჯია“  და რა პირობებით მიიღო კრედიტი საპარტნიორო ფონდისგან. ასევე გვაინტერესებდა მასკევიჩი-საგანელიძის შეხვედრის დეტალები. თუმცა, მათგან პასუხი, მცდელობის მიუხედავად, ვერ მივიღეთ. საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან, ლელა წიკლაურთან რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად აშკარა იყო, რომ ფონდი პასუხის გამოგზავნის პროცესს წელავდა. ჯერ, ლელა წიკლაურმა გვითხრა, თქვენი პასუხები მზად არისო, შემდეგ იურისტთან გადაგვამისამართა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში არ იმყოფებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

“ნათესავურ კავშირებს თუ ეძებთ, მე საკმაოდ დიდი სანათესაო მყავს და ნებისმიერ პროექტში, რომელსაც საპარტნიორო ფონდი აფინანსებს, ყველგან შეგიძლიათ ჩემი ნათესავები მოძებნოთ და მე ყველათი ვამაყობ”. – ასე გამოეხმაურა საგანელიძე ფარმაცევტული კომპანიისთვის თანხის გამოყოფის ფაქტს.

ასე თუ ისე, ერთი ცხადია, რომ სამინისტროს ინიციატივა ნამდვილად კეთილშობილურია, როცა ის მედიკამენტების გაიაფებაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა, თუკი მედიკამენტების გაიაფება ხარისხის ვარდნის ხარჯზე მოხდება, შესაძლოა უარესი შედეგები დადგეს. ცალკე საკითხია გამოუცდელი კომპანიისთვის საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის ჩარიცხვის საკითხი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილი კომპანიების დახლებზე მედიკამენტების დღევანდელი საკმაოდ საეჭვოდ მაღალი ფასების გათვალისწინებით, ლიდერი ფარმაცევტული კომპანიების ნდობის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც თავისუფლად შეიძლება. ამ თემაზე კი, „მეტრონომი“ ჟურნალისტურ გამოძიებას სულ მალე შემოგთავაზებთ.

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....