ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში კედელზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა იყო გაკრული. მას შემდეგ, რაც TV25-მა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
“იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას”, – განუცხადა TV25-ს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ამასთან, გუშინ TV 25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლის ტერიტორიაზე რუსეთის დროშაც იყო გამოკრული, რომელიც ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩამოხია. არსებული ინფორმაციით, მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს და შენიშვნა მისცეს.
სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, მას დროშა არ შეუნიშნავს, მოსწავლეს კი შენიშვნა სკოლის ნივთის დაზიანების გამო მისცეს.
“თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ შემენიშნა, არაფერს ვიტყოდი? შენიშვნა მივეცით, რომ სკოლის ნივთი… არ იყო აქ ლაპარაკი, რომ უშუალოდ რუსეთის დროშა და რაღაც… სკოლის ნივთი რაც არის, ფასეული, ეს არ უნდა გაფუჭდეს”, – ამბობს ის.
ინფორმაცია გავრცელდა მოსწავლის გარიცხვის შესახებაც, რასაც აჭარის განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ – “მოსწავლე ნამდვილად არ არის გარიცხული“, – განაცხადა აჭარის განათლების მინისტრმა.
ამ დროისთვის, სკოლის კედლიდან ყველა დანარჩენი დროშაა ჩამოხსნილი და მხოლოდ საქართველოს ეროვნული სიმბოლოა დატოვებული.