საქართველოს მოქალაქე ელისო ჯანაშია “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსმა ტურისტებმა “თბილისი მოლში” სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისივე თქმით, პოლიციას უკვე მიმართა და თვლის, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფის გამო უნდა დაისაჯონ.
“ეს მოხდა თბილისი მოლში, ვიჯექი, ვმუშაობდი და ცოტა მოშორებით იჯდა რუსულად მოსაუბრე ჯგუფი, ტურისტები იყვნენ თითქოს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და შენიშვნა მივეცი, რომ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, ვმუშაობ და ხელი მეშლება-თქო. გინებაზე რომ გადმოვიდა, მეც უხეშად ვუპასუხე, უხეშად რომ ვუპასუხე, შეხედეთ ქართველ ნაცისტებს, როგორ იქცევიანო, მაშინ ახლა გაჩვენებ ნაცისტები როგორები არიან-მეთქი და ჩავრთე უკრაინული სიმღერა.
ხელი გამარტყა რამდენჯერმე, მოქაჩვა უნდოდა, ფეხებს იქნევდა. პოლიციას ვურეკავ, რას აკეთებ-მეთქი, სულ ფეხებზე მკიდია შენი პოლიციაო და ვინც მასთან ერთად იყო, მან უთხრა მართლა რეკავს გაჩერდიო და გაჩერდა.
მე დავრეკე პოლიციაში, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ისინი უკვე აიბარგნენ, არ გვცალია შენი პოლიციის ლოდინისთვისო და წავიდნენ. ახლა ველოდები ადვოკატს, ვთვლი, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო”, – აცხადებს ელისო ჯანაშია “მთავართან”.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.