ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

ეძებენ თუ არა გრიგოლ ნარსიას მეგობარ ქალს – პროკურატურის განმარტება

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე  დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორმა დავით ჩხარტიშვილმა განმარტა ეძებენ თუ არა “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას მეგობარ ქალს.

მისი თქმით, მასთან მიმართებაში ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები განხორციელდა.

“დაგიდასტურებთ, რომ ჩვენ გამოკითხული გვყავს საქმეზე დაკავებულის მეგობარი ქალბატონი. ეძებენ – ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა. უბრალოდ ჩვეულებრივი მოწმის მოძიების და გამოსაკითხად გამოძახების პროცედურები იყო განხორციელებული მასთან მიმართებაში,” – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....