ახალი ამბები უკრაინის ომი

“ნაწილობრივი მობილიზაცია აფხაზეთზეც გავრცელდება” – ნატალი სმირი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად აფხაზეთსაც შეეხება, – ეს აზრი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ნატალი სმირმა გამოთქვა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომელიც მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს, მე-6 მუხლში ვკითხულობთ, რომ თუ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი აგრესიის, ან შეიარაღებული თავდასხმის საშიშროების წინაშე დგას, ეს აღიქმება როგორც შეიარაღებული თავდასხმა მოკავშირე მეორე მხარეზეც.

ე.ი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ჩვენც გვევალება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს ერთ-ერთი წინაპირობაა. ეს ვალდებულებები ჩვენთან ამოქმედდება მას შემდეგ, რაც 27-ში დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმი ჩატარდება და ტერიტორია რუსეთის ნაწილი გახდება. არ ვიცი, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ის, რომ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას კოლექტიურ დაცვაში, ამის თქმა სიზუსტით შემიძლია.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, საშიში და ტრაგიკულია, და ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ასე რომ, ჩვენი შეთანხმებისა და რუსეთის წინაშე არსებული ვალდებულებების მიხედვით, ჩვენ ვიქნებით ამ ომის მონაწილეები, ეს არის და ეს“, – განაცხადა სმირმა.

როგორც ის აცხადებს, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტთან ერთად საერთო სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

ცნობისთვის, მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარი ბესლან ტარბა Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მათაც ეხებათ, რადგან ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.

იტვირთბა....