ახალი ამბები მსოფლიო

ირანში გამართულ აქციებზე 3 პოლიციელი დაიღუპა – პროტესტი 22 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ გრძელდება

ირანში 22 წლის ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს.

20 სექტემბერს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც, პოლიციის 3 თანამშრომელი გარდაიცვალა. ინციდენტის დროს კიდევ 4 პოლიციელი დაშავდა.

როგორც ირკვევა 22 წლის ქალი მორალის პოლიციამ დააკავა “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო”.

მედია წერს, რომ თვითმხილველების თქმით, პოლიციის მანქანაში ჩასმის შემდეგ მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ასევე ცნობილია, რომ ბრალდება პოლიციამ უარყო. მაჰსას ოჯახის წევრების თქმით, მას დაკავებამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

ქუჩის საპროტესტო აქციების დროს ზოგიერთმა ქალმა პროტესტის ნიშნად მოიხსნა მათი სავალდებულო თავსაბურავი და დემონსტრაციულად ატრიალებდა ჰაერში.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ორი ქალი ჰიჯაბს კოცონში აგდებს, ხოლო კიდევ ერთი ქალი პროტესტის ნიშნად თმას იჭრის.

ბევრმა ირანელმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, ამინის სიკვდილი, ახალგაზრდა ქალების მიმართ მორალის პოლიციის მხრიდან ძალადობად მიიჩნიეს.

პოლიციელებმა თეირანში მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით დაშალეს.

იტვირთბა....