ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის სახალხო არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ლი იონ გილი კორუფციაში ბრალდებულად სცნეს და სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო „იონჰაპი” ჩრდილოკორეულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სიკვდილით დასჯა მმართველი პარტიისა და სამხედრო ხელმძღვანელობის ერთობლივი სხდომის გამართვას დაემთხვა, რომელსაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.
ლი იონ გილი გენერალური შტაბის ხელმძღვანელად 2013 წელს დაინიშნა და საზოგადოების წინაშე გასულ თვემდე ჩნდებოდა. სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას ჩრდილოკორეული თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშიბით გამართულ ღონისძიებებზე ლი იონ გილის ნაცვლად გენერალი ლი მენ სუ ჩნდებოდა.
ბოლო წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან მაღალჩინოსნების სიკვდილით დასჯის შესახებ რამდენიმე ცნობა გავრცელდა. მათ შორის იყვნენ ვიცე-პრემიერი და თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრები. გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის ბრძანებით მამიდამისი – კიმ გენ ხი მოწამლეს.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის სათავეში მყოფი კიმების დინასტიის მესამე წარმომადგენელია. ის სახელმწიფოს დამაარსებლის – კიმ ირ სენის შვილიშვილია. კიმ ჩენ ინი სახელმწიფოს მამამისის – კიმ ჩენ ირის სიკვდილის შემდეგ, 2011 წლის დეკემბრიდან, მართავს. ის ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის უზენაესი ხელმძღვანელის, მშრომელთა პარტიის ცენტრალური მდივნისა და უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობებს იკავებს.
წყარო: PolitCommersant