ახალი ამბები მსოფლიო

რა ვითარებაა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანი აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხური მხარის ცნობით, ცეცხლი გახსნილია ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე პოზიციური ბრძოლებიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით “ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს”. 

როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არის მსხვერპლი.

“აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები, მთიანი რელიეფის და ხეობების გამოყენებით, ახორციელებდნენ დანაღმვას სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის ნაწილების პოზიციებს შორის.

გარდა ამისა, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან. შედეგად არის მსხვერპლი ჩვენი შეიარაღებული ძალების პერსონალს შორის, დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

აზერბაიჯანის გამცხადებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროვოკაცია ლაჩინისა და ქელბაჯარის მიმართულებით დაიწყეს, რასაც საპასუხო მოქმედებები მოჰყვა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება.

იტვირთბა....