საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უწყების მაღალჩინოსნების მიერ თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მიმდინარე წლის 24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს შეეხებოდა, სამსახურეობრივი შემოწმება იმ დღესვე დაიწყო და გამოიკითხა როგორც სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, ისე საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი.
“განვმარტავთ, რომ აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით ცალკეული მტკიცებულებები წარმოადგინა და “საფარის“ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა. ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ შემდგომი მოქმედებები ჩაატარა: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული. გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს, როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან,“ – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.