პოლიციის მაღალჩინოსნები ქვეყანას ტოვებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, მარნეულის პოლიციის უფროსის, რუსლან იოსელიანის შტატებში წასვლის ამბავი ვახტანგ გომელაურმა ფეისბუქში გამოქვეყნებული ერთი ფოტოთი გაიგო.
“ოპოზიციის ინფორმაციით, რუსლან იოსელიანი მმართველი პარტიის ხერხემალი იყო მარნეულში.
გიორგი მუმლაძის თქმით, მას ევალებოდა არჩვნებზე ხმების მობილიზება და ე.წ. შავი საქმეების მოგვარება, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება.
“იყო ადამიანი, რომელიც ასრულებდა აბსოლუტურად ყველა დავალებას. ბოლო ორ არჩევნებზე, ის “ქართული ოცნებისთვის” ხმების მობილიზებისთვის იბრძოდა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მან ჩვენზე თავდასხმა არ აღკვეთა, პირიქით, წინა არჩევნებზე ადგილზე თავდამსხმელები მოიყვანა და ჩვენი ორი აქტივისტი დააჭერინა.
რუსლან იოსელიანმა მთელი ამ წლების განმავლობაში შავი საქმეები აკეთა, ძალიან ბევრი ასეთი საქმე დაუგროვდა, ახლა კი თავს უშველა. არ ქონდა იმედი, რომ ხელისუფლება დაიცავდა. ამ ხელისუფლებამ ის გამოიყენა, ბევრი უკანონო ბრძანება შეასრულებინა და ბოლოს მიაგდო”, – თქვა მუმლაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “პირველებს” დაუდასტურეს, რომ იოსელიანმა თანამდებობა პატაკის საფუძველზე, ოჯახური პრობლემების გამო დატოვა.
“პირველების” ინფორმაციით, კი მას შემდეგ, რაც პოლიციელმა აშშ-ში შეაღწია, უწყებაში დარეკა და განაცხადა, რომ სისტემას ტოვებდა.
ცნობილია, რომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი აშშ-ში ოფიციალური ვიზით წავიდა.