“თავისუფალმა დემოკრატებმა” წინასაარჩევნო მარათონი დაიწყეს. საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა. პარტიის წევრებმა საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძე აირჩიეს. ასევე შეირჩა თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც 27 წევრისგან შედგება. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა. ირაკლი ალასანიამ დღესვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები” დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
“ღრმად ვარ დარწმუნებული “თავისუფალი დემოკრატების” ამ ძალის გამარჯვებაში, ჩვენ გვექნება საუბარი ეკონომიკაზე, როგორ შევქმნით სამუშაო ადგილებს, გვექნება საუბარი იმაზე თუ როგორ შევთავაზებთ გამოსავალს საქართველოს მოსახლეობას და რაც ყველაზე მნშვნელოვანია გავაჩენთ პერსპექტივას. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც საქართველოს წაიყვანს პროგრესისკენ“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
“თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრის, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ აბაშიძის თქმით, ისინი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადებიან.
“ვსაუბრობდი როგორც თბილიში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძვირებულ ცხოვრებაზე, უმუშევრობაზე, ეკონომიკურ დაღმასვლაზე, ეს ყველაფერი არის ჩვენი გასაკეთებელი ამ ადამიანებთან ერთად. ახლა ვემზადებით ხელისუფლებაში დასაბრუნებლად“- აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, უმთავრესი ამოცანა არის საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქება.
“უმთვარესი ამოცანა არის, რომ ჩვენ მოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა, რომელიც შეექმნათ მათ სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად ლარის გაუფასურებით, ჩვენ გვაქვს შეთავაზებები სხვადასხვა მიმართულებით“ – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.