ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბორჯომში ბიძინა კუჭავას აგარაკზე ჩხრეკა მიმდინარეობს

ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ბიძინა კუჭავას კუთვნილ აგარაკზე ჩხრეკა მიმდინარეობს. ჩხრეკის სამუშაოებს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელბი ატარებენ.

სამუშაოები სამართალდამცავებმა გუშინ გვიან ღამით დაიწყეს და დღეს განაგრძეს. როდის დაასრულებენ სამართალდამცავები მუშაობას, უცნობია.

საცხოვრებელი სახლი გადაცვლილის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული.

ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილი ბიზნემსმენის მეუღლე და ადვოკატი, რომლებიც ჩხრეკის ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პროცესი ადვოკატის გარეშე არ უნდა დაეწყოთ.

ჩხრეკის დაწყებამდე ადვოკატსა და გამომძიებელს შორის კამათი მოხდა. ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ განჩინებაში, რომელიც 2016 წლის 6 თებერვლითაა დათარიღებული, წერია, რომ სახლის შესასვლელი ნაწილის დათვალიერება გუშინ ჩატარდა.

ადვოკატი და გარდაცვლილის მეუღლე სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ, თუკი ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით ოჯახს დღეს აცნობეს, გუშინ რატომ არ მიაწოდეს ინფორმაცია და გუშინდელი დათვალიერების პროცესს რატომ არ დაასწრეს ადვოკატი ან ოჯახის წევრები.

ამასთან, მათ არა აქვთ ინფორმაცია, თუ ჩხრეკა კონკრეტულად რომელ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ,  პროკურორ ოთარ ქირიას მკვლელობა და რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობა გამოძიებაშია, რომელიც სავარაუდოდ ერთმანეთს უკავშირდება.

იტვირთბა....