კუმისის ტერიტორიაზე ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი “ბიზნესკონტაქტთან” აცხადებს, რომ კუმისში ბურღვის პროცესი ერთი კვირის წინ დასრულდა და კომპანიამ აღნიშნული საბადოდან ნავთობის მოპოვების პროცესი დაიწყო. გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ჭაბურღილის ბურღვა, თუმცა მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასი მსოფლიოში ისტორიულ მინიმუმზეა, კომპანიებს ძებნა-ძიების სამუშაოებისთვის დაფინანსების მოპოვება უჭირთ.
ამ დროისთვის საქართველოში ნავთობს 4 კომპანია მოიპოვებს. კომპანია “ჭინდალი’’, რომელიც საგარეჯოს რაიონში მუშაობს. ჭაბურღილი აქვს სუფსაში კომპანია “ვექტრას”. ნინოწმინდაში ნავთობს მოიპოვებს კომპანია ,,კანარგო’’ და საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ნავთობის მოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს ამერიკული კომპანია “ფრონტერა’’.
“ნავთობის რესურსებთან მიმართებაში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. მოცულობები ბევრი არ არის და გასული წლის მდგომარეობით, ოთხივე კომპანიის მიერ მოპოვებულმა ნავთობის მოცულობამ 46 ათასი ტონა შეადგინა. ბოლო 3-4 წელია მოპოვება ერთ დონეზეა და წელსაც იგივე მოცულობებს ველოდებით”, – აცხადებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.