პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების მორიგ წერილს ეხმაურება. როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნა, წერილის შინაარსი აბსურდულობის ისეთ მასშტაბებს გასცდა, რომ რუსულ სპეცსამსახურებსაც კი შეშურდებოდა.
“მორიგი ბოდვა არის, “ფეესბეს” რუსულ სპეცსამსახურებსაც კი შეშურდებოდა, ისეთი ენით არის დაწერილი და ისეთი თეორიებია გავრცელებული. ეტყობა, იმათ ეპრანჭებიან, ჩვენ თქვენზე მაგრები ვართო, “ფეესბეს” ეჯიბრებიან ეს ბიჭები”, – ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგის თქმით, იმის მიუხედავად, ვინ დგას ამ წერილის უკან, ის აზიანებს ქვეყანას და ცუდი ისაა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ნარატივის სჯერათ.
“აბსოლუტურად ყველაფერს აზიანებს, აბსოლუტური ნონსენსია, რაც წერია. ჩვენ ამნეზია კი არ გვჭირს, ვუყურებდით, რა პერიოდში რას აკეთებდა და როგორ მოქმედებდა ამერიკა. შესაბამისად, ლოგიკური ნონსენსია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ასეთი შეთქმულების თეორიები, რაზეც ეწყობა ეს რუსული პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ იმათაც ჰყოფნით ფანტაზია, რომ ასეთ მასშტაბებამდე გაბერონ, როგორც ამ წერილშია, მაგრამ ამ საცოდავებს რას ვერჩით, ამათი მოგონილი კი არ არის, გასაგებია. რა მნიშნელობა აქვს, ვინ დგას ამ წერილის უკან – სიგიჟე სიგიჟეა. ერთია, ამას ვინც იგონებს და ახმოვანებს, იმათი ფსიქიკური მდგომარეობა როგორია, მაგრამ მეორე ისაა, რომ ეს გადამდებია, ვირუსულია და სამწუხაროდ, ეს სიგიჟე ვრცელდება და ვრცელდება. თან ამ ზაფხულში, ტემპერატურა ისედაც მაღალია”, – აცხადებს ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადეს, რომ აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმა აქვს და რომ “რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას”.