გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა, – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ვკითხულობთ: “შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას”.
“როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში მიმდინარე ომისთვის სამზადისი დაახლოებით სამი წლის წინ დაიწყო. ერთი მხრივ, რუსეთი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისთვის და ახორციელებდა სამხედრო ძალების მობილიზებას, ხოლო, მეორე მხრივ, მიმდინარეობდა უკრაინის ინტენსიური შეიარაღება და მომზადება სამხედრო კონფლიქტისათვის.
ზუსტად იგივე დროს, სამი წლის წინ, დაიწყო მზადება საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს. ლოგიკურია, რომ ომის სცენარში საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეეძლო. მეორე ფრონტი და საქართველოში ათეულობით ათასი რუსი სამხედროს, აგრეთვე შესაბამისი ტექნიკისა და აღჭურვილობის მოცდენა რუსეთს შეუქმნიდა მნიშვნელოვან სირთულეებს უკრაინის ფრონტზე. გარდა ამისა, მეორე ფრონტი ორმაგად დააზიანებდა რუსეთის საერთაშორისო იმიჯს, რაც ევროპას უკრაინის ფრონტისთვის დახმარების გაწევის ენთუზიაზმს კიდევ უფრო დიდი ხნით შეუნარჩუნებდა.
დიდ მოთამაშეს საქართველო რომ მეორე ფრონტად უნდა, ამაში ის, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვერც გაამტყუნო. დიდი მოთამაშე პროცესებს გლობალური გადმოსახედიდან უყურებს და პატარა ქვეყნის ინტერესები მის მხედველობაში ამ გადმოსახედიდან, სამწუხაროდ, ვერც კი ხვდება. თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერი პატრიოტულად მომართული ხელისუფლება, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის გადარჩენაზე უნდა ზრუნავდეს და შესაბამის საფრთხეებს ქვეყანას როგორც მტრებისგან, ისე მეგობრებისგან უნდა არიდებდეს. რაც მთავარია, როდესაც ვიღაცას ქვეყნის ომში ჩართვა სურს, კეთილი უნდა ინებოს და საზოგადოებას ეს ღიად უნდა უთხრას, რათა შესაბამისი გადაწყვეტილება ხალხის ნების წინააღმდეგ არ იქნეს მიღებული. ხალხის გვერდის ავლით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ათწლეულების მანძილზე დასავლური სამყაროს ქვაკუთხედი იყო. როდესაც ხალხის ძალის გეშინია და ამიტომ მას სიმართლეს უმალავ, აშკარაა, რომ ამ ხალხისთვის შენ სიკეთე არ გინდა.
გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის”, – ნათქვამია სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძისა და გურამ მაჭარაშვილის ერთობლივ განცხადებაში.