“თუკი ჩვენთან შემოვა რომელიმე კერძო კომპანიის, მათ შორის მედიასაშუალების, მეწილეების მიღებული გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებას რეგისტრაციისას არ ექნება ხარვეზი, ჩვენ ვიქნებით ვალდებულები, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დავარეგისტრიროთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გუშინ განვაცხადე, იქნება ეს “მაესტრო”, “რუსთავი 2″ თუ სხვა მედიასაშუალება, რომ ისინი დარჩნენ ჩვენთან, ისინი დარჩნენ იმ ველში, რომელსაც ინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ჰქვია.” – ასეთი განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკოანმა ტელეკომპანია “მაესტროს” შესახებ საუბრისას გააკეთა.
შეგახსენებთ, გია გაჩეჩილაძე „მაესტროს“ 55 პროცენტი წილის მფლობელი გახდა. გუშინ, ტელევიზიის ბორდმა ბაია გადაბაძე დირექტორობიდან გადააყენა და ახალ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.
გადაბაძე აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამ მიზნით, დღეს დილიდან ტელეკომპანია “მაესტროში” დაცვა გააძლიერეს. შენობის პერიმეტრზე დამატებით დაცვის სამსახურის წარმომადგენლები განლაგდნენ.
“ამ შენობაში შემოვა ადამიანი მხოლოდ ჩემი ნებართვით.”- განუცხადა ჟურნალისტებს ბაია გადაბაძემ.