პოლიციამ თბილისში, მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული პირების იდენტიფიცირება მოახდინა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” შსს-ზე დაყრდნობით წერს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კადრებში დაფიქსირებული ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა”, – აცხადებენ უწყებაში.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.
შეგახსენებთ, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, ღია სივრცეში გადაღებული კადრები, რომელშიც ორი პირის სექსუალური ხასიათის ქცევაა ასახული.