დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანთან”, სადაც სამართალდამცავებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით დაკავებულებმა მეტროში ქცევის წესები დაარღვიეს და პოლიციელის მითითებებს არ დაემორჩილნენ. კერძოდ, მეტროსადგურის ფოიეში ისინი სიგარეტს ეწეოდნენ, რაც კანონით აკრძალულია. სამართალდამცველთა შენიშვნას ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ, რის გამოც მათ ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა ედებათ.
5 ახალგაზრდის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქალაქო სასამართოს მოსამართლე დღეს იმსჯელებს. სწორედ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრებათ ახალგაზრდებს.