„მაესტროს“ ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„ლევან გაჩეჩილაძემ გადამაყენა დირექტორობიდან და „მაესტროში“ დარჩენა შემომთავაზა. დავინტერესდი ამ წინადადებით და გადავინაცვლეთ ჩემ კაბინეტში. მათ, გაჩეჩილაძეებმა ნამდვილად მითხრეს, რომ დასაკარგი კადრი არ ვარ, მაგრამ მთავარ კითხვას, ფულის წარმომავლობას არ გაეცა პასუხი. არ მჯერა ქველმოქმედი ბიზნესმენის, რომელიც კონკურენტი არხის გაძლიერებისთვის ხარჯავს ფულს.
რუხაძე, რომელმაც რეიტინგული გადაცემა დახურა, გრიგოლია გამოუშვა და ა.შ. რა გარანტია არსებობს რომ ის „მაესტროდან“ არ გაუშვებს ხალხს და მისცემს იმის განხორციელების საშუალებას, რაც უნდათ? რაზეც მიპასუხეს, რომ ზედაპირულად ვუყურებ მოვლენებს.
„მაესტრო“ სადაც არის ახლა, ის შენობა მაკა ასათიანს ეკუთვნის, ასევე მაკას ეკუთვნის ტექნიკა და აპარატურა. გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც „მაესტრო“ მაუწყებლობას არ შეწყვეტს. შენობა და აპარატურა შ.პ.ს. სტუდია „მაესტროს“ არ ეკუთვნის, რომლის 55 პროცენტის მფლობელია გია გაჩეჩილაძე. შესაბამისად, ვერც ტექნიკას გამოიყენებენ, ვერც შენობაში ვერ შევლენ. დანარჩენს გადავწყვეტთ როგორც იქნება…
მე დანებებას არ ვაპირებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არც დანარჩენი დამფუძნებლები აპირებენ დანებებას.
პრემიერ-მინისტრს ვთხოვ, რომ შემხვდეს, რათა ის ჩავაყენო საქმის კურსში.
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამაში შესაძლოა ხელისუფლება იყოს ჩართული, მაგრამ ჯერ ეს დამტკიცებული არ არის. ძალიან ვწუხვარ თუ ეს ასე იქნება და იმავეს გაიმეორებენ, რაც წინა ხელისუფლებაში ხდებოდა.
„მაესტროში“ დამხვდა შავი ჯიპი, რომელიც მიღებდა ფოტოებს, რომელიც გამომყვა იუსტიციის სახლში, კითხვაზე თუ ვინ იყო, ჯერ თქვა, რომ ვიღაცის თაყვანისმცემელი იყო, მერე თქვა, რომ კომპიუტერის გასაკეთებლად იყო მოსული.., ანუ სუსი და სპეცსამსახურები კვლავ არიან მოქმედებაში.” – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაია გადაბაძე „მაესტროს“ გენერალური დირექტორობიდან გადააყენეს, მის ნაცვლად პოსტი ლევან გაჩეჩილაძემ დაიკავა. ტელეკომპანია “მაესტროს” შენობაში ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის თაობაზე გაფრთხილებულია ტელევიზიის დაცვა. როგორც ცნობილია, ტელეკომპანიის შენობა მთლიანად მაკა ასათიანის საკუთრებაშია.