ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია “მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძე განმარტავს, შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.
“მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს.
ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება. უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, არ არის სწორი. არც ის არის სწორი, რომ მიზანმიმართულად ნერგავთ იმას, რომ თმენის ვალდებულება. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, – აღნიშნავს კალაძე.

