არსებობს ორგანიზმში კიბოს განვითარების მაუწყებელი ადრეული სიგნალები, რომლებზეც მოსახლეობის მხოლოდ 2% რეაგირებს სათანადოდ. დანარჩენი 98% მათ უგულებელყოფს. სპეციალისტები ამ სიმპტომებს საგანგაშოს უწოდებენ, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ მათ შესახებ.
მუდმივი ხველა
პერიოდული ხველა საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ ის სამ თვეზე მეტია გრძელდება და თან სდევს სისხლიანი გამონადენი, ეს საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ სპეციალისტთან წაბრძანდეთ. ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ბრონქებისა და ფილტვის კიბო, რისთვისაც რეკომენდებულია გულმკერდის ღრუს რენტგენული კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და, საჭიროებისამებრ, ბრონქოსკოპია.
დეფეკაციის მოშლა
თუ დეფეკაციის პროცესი გართულდა ან განავლოვანი მასები ჩვეულებრივზე გაცილებით მსხვილია, ეს მსხვილი ნაწლავის დაავადებაზე მიუთითებს. მიზეზი შესაძლოა იყოს წარმონაქმნები, რომლებიც ართულებს ნაწლავში განავლოვანი მასების გავლას. ასეთ დროს რეკომენდებულია კოლონოსკოპიის ჩატარება.
შარდვის ცვლილება
თუ შარდში სისხლს ამჩნევთ, ეს შარდის ბუშტის ან თირკმელების დაზიანების შედეგია. შესაძლოა, ინფექციურ პროცესზეც მიანიშნებდეს. აუცილებელია, თავდაპირველად გამოირიცხოს ინფექცია, ხოლო შემდგომ დამატებითი დიაგნოსტიკისთვის მიმართოთ უროლოგს ან ნეფროლოგს.
დაუდგენელი წარმოშობის მუდმივი ტკივილი
საგანგაშო სიმპტომია თავის, მუცლისა და გულმკერდის ღრუს სუსტი, მაგრამ მუდმივი, დაუდგენელი წარმოშობის ტკივილიც. ამ დროს აუცილებელია გამოირიცხოს თავის ტვინის, ფილტვების, ნაწლავებისა და საკვერცხეების სიმსივნური პათოლოგიები.
ხალის ცვლილება
ხალი ყოველთვის მელანომასთან როდი ასოცირდება, თუმცა უკვე არსებულის ფორმის, ზომისა და შესახედაობის ცვლილებისას აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობა
თუ ჭრილობა არ შეხორცდა 3 კვირაზე მეტხანს, ეს რეგენერაციული პროცესების დარღვევაზე მიუთითებს. ამ დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ.
დაუდგენელი სისხლდენები
ვაგინალური სისხლდენა, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს, შესაძლოა საშვილოსნოს დაზიანების შედეგი იყოს, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა კი მსხვილი და სწორი ნაწლავის დაზიანებაზე მიუთითებს. ეს ის სიმპტომებია, რომელთა უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.
კანქვეშა სიმკვრივეები
სიმკვრივე და ქსოვილოვანი წარმონაქმნი კანქვეშ ყოველთვის ავთვისებიანი არ არის – ეს შესაძლოა სრულიად უვნებელი ცისტაც იყოს, მაგრამ ასეთი რამის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, მეტადრე – თუ წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალშია.
წონის უმიზეზო კლება
წონის დაკლებას ბევრი ცდილობს, მაგრამ თუ ეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ხდება, სამედიცინო დახმარებაა საჭირო, რადგან მიზეზი შესაძლოა სიმსივნური წარმონაქმნი იყოს.
ყლაპვის გაძნელება
ამ სიპტომის მიღმა შესაძლოა იმალებოდეს ორი ტიპის სიმსინე – საყლაპავისა და ხორხის. ასეთ დროს ადამიანები გამოსავალს დიეტის დაცვასა და რბილი კონსისტენციის საკვებზე გადასვლაში ხედავენ, ნაცვლად იმისა, რომ მიზეზის დასადგენად ლარინგოლოგს მიმართონ.
dainteresdit.ge