ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტებს ან დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვება მოუწევთ, ან ალყაში აღმოჩნდებიან – ესებუა

სამხედრო ანალიტიკოსი კახა ესებუა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხერსონთან, ანტონოვსკის ხიდზე სარაკეტო იერიშის შემდეგ ხერსონი-ნოვა კახოვკის მიმართულებაზე არსებულ სიტუაციას აანალიზებს და ასკვნის, რომ სავარაუდოდ ძალიან მალე, რუს ოკუპანტებს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალყაში აღმოჩნდებიან.

“ხერსონის მიმართულებაზე ყველაფერი ისე ხდება, როგორც ველოდით: უკრაინელებმა დაიწყეს სარაკეტო დარტყმები ანტონოვის და ნოვა კახოვკის ხიდებზე. ანტონოვის ხიდი გარკვეულწინად დაზიანებულია და მძიმე ტექნიკის მიმოსვლა შეფერხებულია. სავარაუდოა, რომ დარტყმები გაგრძელდება და სურვილის შემთხვევაში, ხიდის ავარიულ მდგომარეობამდე ბევრი არ არის დარჩენილი.

რუსული დაჯგუფება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე (სადაც ქალაქი ხერსონი მდებარეობს), ძირითად ძალებს ორი – ანტონოვის და ნოვა კახოვკის ხიდით უკავშირდება.

ამ კავშირის გაწყვეტა მათ ალყაში მოქცევას გამოიწვევს, რადგან დნეპრი ძალიან ფართო მდინარეა და მისი ფორსირება ხიდის გარეშე შეუძლებელია. საბორნე ხიდის დადგმა ხერსონსა და ნოვა კახოვკას შორის თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მისი აფეთქება მარტივია, ნოვა კახოვკის ჩრდილოეთით კი მდინარე ისეთი განიერია (საშუალოდ 3 კმ), რომ აქ პანტონური ხიდის გამართვაზე ფიქრი არც ღირს.

ამ ეტაპზე, ტვირთების ნაწილი გადამისამართებულია ნოვა კახოვკის ხიდის მიმართულებით. ეს გზა დაახლოებით 1 საათით მეტ დროს მოითხოვს, როცა ტვირთი ყირიმიდან ხერსონში მიემართება. ამავდროულად, კახოვკის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ეს გზა უკრაინელების პოზიციებიდან 10 კმ-ში გადის და ძალიან სახიფათოა მასზე დიდი ტვირთების გადატანა.

ამას ემატება ამ მიმართულებაზე უკრაინელების მიერ განადგურებული რუსული საბარძოლო მასალების მსხვილი მარაგები ამ მიმართულებაზე, რამაც ლოგისტიკა დამოკიდებული გახადა მუდმივად მანქანებით საბრძოლო მასალების მცირე რაოდენობით მიტანაზე.

ანტონოვის ხიდზე შეფერხება აორმაგებს დატვირთვას ნოვა კახოვკის ხიდზე და მის კომუნიკაციებზე, რაც ლოგისტიკას კიდევ უფრო გააუარესებს. მოკლედ, რამდენიმე დამატებითი რაკეტა ანტონოვის ხიდის მიმართულებით, რამდენიმე კმ-იანი წინსვლა და ქალაქი ხერსონი ალყაში აღმოჩნდება.

ნაკლებ რეალურია, რუსებმა ბოლო ჯარისკაცამდე იბრძოლონ დნეპრის მარჯვენა სანაპიროსთვის. უფრო რეალისტურია, მათ დატოვონ ეს ტერიტორია, სანამ გააჩნიათ კომუნიკაციები ძირითად დაჯგუფებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე ათასი სამხედრო ალყაში აღმოჩნდება, რაც რუსული არმიის რეპუტაციისთვის კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა იქნება.

მოკლედ, როგორც ჩანს, მზადდება მორიგი „კეთილი ნების ჟესტი“ მოსკოვის მხრიდან და დნეპრის მარჯვენა სანაპირო სრულად უკრაინული ძალების ხელში იქნება”, – წერს ესებუა.

იტვირთბა....