ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“გავანადგურებთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და დავიბრუნებთ ყირიმს” – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

გავანადგურებთ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და დავიბრუნებთ ყირიმს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ გავრილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს დასავლეთიდან  მიღებული იარაღის დახმარებით შეძლებენ.

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც დაფუძნებულია ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, არის “მუდმივი საფრთხე” უკრაინისთვის და კიევმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი”, – თქვა გავრილოვმა სამშაბათს Times-თან ინტერვიუში.

როგორც ის აცხადებს, კიევი ომის დაწყებიდან დასავლეთისგან შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიღებას ელოდებოდა.

„ჩვენ ვიღებთ გემსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს და ადრე თუ გვიან იერიშს მივიტანთ რუსების შავი ზღვის ფლოტზე. ეს გარდაუვალია, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოების გარანტია“, – განმარტა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გავრილოვის თქმით, უკრაინა 2014 წელს რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმის დაბრუნებასაც გეგმავს.

საგულისხმოა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, კიევმა პირობა დადო, რომ ამერიკული წარმოების იარაღი, მათ შორის М142 HIMARS და M270 MLRS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები, არ გამოიყენებოდა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

თუმცა, კიევი აცხადებს, რომ ყირიმს არ განიხილავს, როგორც რუსეთის ნაწილს, რადგან მას მოსკოვის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიად მიიჩნევს.

„ადრე თუ გვიან, ჩვენ გვექნება საკმარისი რესურსი. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა, ამიტომ ნებისმიერი სამიზნე ჩვენთვის ლეგიტიმურია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებებს რუსეთში გამოეხმაურნენ. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “ეს იყო „კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ [რუსეთის] სპეცოპერაცია იყო სწორი და აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი, რადგან ეს იყო ერთადერთი გზა უკრაინის ასეთი ლიდერებისგან გადასარჩენად”.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
იტვირთბა....