ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მინისტრის მოადგილე კახეთში აღმოჩენილ ბუნებრივ რესურსებზე პირველ კომენტარს აკეთებს

“ფრონტერასგან” ველოდებით კონკრეტულ ხედვას, თუ რა სამუშაო გეგმა იქნება შემუშავებული, რათა ჯერ რეალურად დადასტურდეს კახეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის რესურსები , – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა კომპანია “Frontera Resources”-ის იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. – ასეთი განცხადება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა გააკეთა.

როგორც ვალიშვილი ამბობს, უკვე სამი წელია კომპანია “ფრონტერას” მიერ განცხადებები კეთდება, თავდაპირველად საუბარი იყო 42 მილიარდ კუბურ მეტრ მარაგზე, შემდეგ 1 ტრილიონზე და ახლა უკვე 3.8 ტრილიონ კუბურ მეტრზე.

“თავის დროზე “ფრონტერამ” დაუკვეთა გარკვეული მარაგების პოტენციალის შეფასების ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს იმ რესურსებს, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული როგორც მოპოვებადი რესურსი. ეს რესურსები მთელ მსოფლიოში არსებობს, უბრალოდ რა მოცულობით, კომერციულად რამდენად მისაღებია ამის მოპოვება – ამისთვის “ფრონტერას” მნიშვნელოვანი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, როგორც ამ ტერიტორიაზე გაზისა და ნავთობის ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით ექსკლუზიური ლიცენზიის მქონეს. საუბარია კახეთის ტერიტორიაზე. ჩვენ “ფრონტერასგან” ველოდებით კონკრეტულ ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საინვესტიციო სამუშაო გეგმა იქნება შემუშავებული, რომ რეალურად ჯერ დადასტურდეს ეს რესურსები. სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი და მოცულობითი კვლევა იქნება ჩასატარებელი – რამდენად კომერციულია ამ რესურსების მოპოვების დაწყება, რამდენად იქნება ეს მიზანშეწონილი ინვესტიციების განხორციელების კუთხით”, – განაცხადა ვალიშვილმა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ეს წინასწარი კვლევებია.

“დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი იქნება ძალიან დიდი საინვესტიციო თანხების მობილიზაცია იმისთვის, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გადავიდეს ეს ინიციატივები, რომლებიც გაჟღერებული იქნა”, – განაცხადა ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის თანახმად, “სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსში” აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. ანგარიში კომპანია Frontera Resources-ს ინფორმაციას ეყრდნობა.

იტვირთბა....