ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გადაატრიალეს სახლები, კიდევ არ მეგონა, რომ ასეთი სისულელე შეიძლება გააკეთო” – გოგაშვილის შვილი

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკოლოზ გოგაშვილმა მამის დაკავების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და გუშინდელი სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა. მისი თქმით, სამართალდამცავები იმყოფებოდნენ როგორც თბილისში, ისე გონიოსა და კახეთში, მათ საცხოვრებელ სახლებსა და სასტუმროში და ასევე, გაჩხრიკეს იმ ადამიანების საცხოვრებლები, რომლებსაც გოგაშვილთან აქვთ კავშირი.

“იმდენად ალოგიკური იყო გუშინდელი დღე ჩემთვის და მოულოდნელი, რადგან მე კიდევ არ მეგონა, რომ ასეთი სისულელე შეიძლება გააკეთო, არ ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ყველგან – გადაატრიალეს სახლები, მამაჩემის პირადი მძღოლის სახლშიც მივიდნენ და ამოუყირავეს სახლი – წამლები დაალევინა თავის პატარა ბავშვებს ისე ინერვიულეს. ფილმში მგონია თავი გუშინდელი დღის შემდეგ. იყვნენ გონიოში, თბილისში, სიღნაღში – სახლშიც და სასტუმროშიც”, – აცხადებს ის.

ნიკოლოზ გოგაშვილის თქმით, გაზოგიერთი სამართალდამცავი აგრესიულად იქცეოდა.

“ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, მანდ ბევრი ვაჟკაცი ბიჭი არის. რამოდენიმე იყო ისეთი, რომელმაც ვერ მოზომა ნერვები, ვერ მოთოკა თავი – როცა შედიხარ სახლში სპეცოპერაციით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დავალება გაქვს, უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი და როცა ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს, შენ არ უნდა დაუმატო ზემოდან შენი ყვირილი და მუქარები”, – აღნიშნა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი გუშინ, გვიან ღამით  საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ამავე თემაზე: “რის გასაჯაროვებასაც აპირებდა, ყველა მასალა აქვს დიპლომატიურ კორპუსს” – გოგაშვილის შვილი

იტვირთბა....