მწერალი ლაშა ბუღაძე ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობა 2023 წლამდე გადაიწია და შესაბამისად, ქვეყანას რეკომენდაციების შესასრულებლად 6 თვის ნაცვლად, ერთი წელი მიეცა.
ლაშა ბუღაძის თქმით, ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, აქცენტი ქვეყნის ინტერესებზე გაკეთდეს და არა დაპირისპირებასა და “პროცესის საკუთარ თავზე მორგებაზე”.
“ევროპამ კიდევ ერთი წელი მოგვცა რეკომენტაციების აღსრულებისათვის, რადგან ევროპისთვის მნიშვნელოვანია საქართველო და რუსეთისთვის არ ვემეტებით. მაგრამ ჩვენთვის თუა ევროპა მნიშვნელოვანი? ეს ერთი წელი ისევ ოლიგარქის ტყუილების აბლაბუდაში უნდა ვიყოთ გახვეული თუ შევძლებთ იმგვარ მუშაობას (სწორედ მუშაობას და არა გულზე მჯიღის ცემას ან წყლის ნაყვას!), რომ ევროპამ დაინახოს – საქართველო არა დაპირისპირებულ ტომთა ტერიტორია, არამედ ევროპული ცივილიზაციის თანასწორი შემადგენელია, სადაც პოლიტიკურ და კულტურულ გარემოზე პასუხისმგებლობას მისი საზოგადოება და პოლიტიკური კლასი იღებს?! სანამ საკუთარ თავებს და ეგოებს დავინახავთ და არა პროცესს, მანამდე საკუთარ თავსაც დავკარგავთ და პროცესსაც. ანუ ყველაფერს! პროცესს კი ნუ “მოვირგებთ” საკუთარ თავებზე, არამედ ქვეყნის ინტერესს მოვერგოთ და ჩვენც გადავრჩებით და ქვეყანაც. ბოდიშს ვიხდი პათეტიკისთვის, მაგრამ უანგარობა საქართველოსთვის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ალტრუიზმი, არამედ პრაგმატიზმიცაა – ფოკუსი უნდა იყოს საქართველო ევროპაში და არა “ჩვენი თავები” ძალაუფლების ქიმერებთან თამაშში”, – წერს ბუღაძე Facebook-ზე.