ერდოღანის გადაწყვეტილება საქართველოში თურქულ მედიკამენტებს 30%-მდე გააძვირებს, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BMG-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პირველმა პირმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. ეს დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.
მისივე ცნობით, ამ დადგენილებით განსაზღვრულია მოგების ის მაქსიმალურ მარჟა, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.
“ლოგიკურია, რომ თურქეთში ტარიფების ცვლილება აისახება საქართველოში იმ სააფთიაქო ქსელებში არსებულ მედიკამენტებზე, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოდან შემოდის. „ფარმადეპოს“ ხელმძღვანელი ქეთი კოზმანაშვილი BMG-სთან ადასტურებს, რომ მომწოდებლება უკვე გააფრთხილეს, რომ ახალი შეკვეთის გაკეთებისას მათ თურქული წამლების 25%-ით ძვირად შესყიდვა მოუწევთ.
ფასების 25-30%-ით ზრდის შესახებ აცხადებს ფარმაცევტთა ასოციაციაც, თუმცა როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი განმარტავს, გაძვირების მიუხედავად თურქული წამლები ევროპულთან შედარებით მაინც იაფიან სეგმენტში დარჩება.
კონკრეტულად როდის აისახება ახალი ტარიფები ქსელებში, ეს დამოკიდებულია იმაზე, აფთიაქებს ძველი შესყიდვებიდან რა მოცულობები აქვთ დარჩენილი. მაგალითად, “ფარმადეპოს” ორი კვირის მარაგი აქვს.
აღსანიშნია, რომ მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების ბაზრის გახსნის შემდეგ ხუთ თვეზე მეტი გავიდა. ჯანდაცვის სამინისტროს 24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. მედიკამენტებზე ფასები კი 60% − 80%-მდე არის შემცირებული. უწყების სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, მხოლოდ მარტიდან 24 ივნისამდე 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად ამ პერიოდში მოქალაქეებმა 51 მლნ ლარი დაზოგეს”, – წერს BMG-ი.