ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

7-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა – ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ბოძაურში ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია. ამის შესახებ ინფორმაციას Batumelebi – ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც გამოცემას სახლის მესაკუთრე ბაგრატ შანთაძე უყვება, შემთხვევის ადგილზე სახანძროს მისვლას 52 წუთი დასჭირდა და მაშველებმა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სამი დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს.

“ღამის სამის ნახევარი იყო, რომ გაჩნდა ხანძარი, არ ვიცი რისგან, ალბათ სადენებისგან… ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით, ტელევიზორი წამოვიღე მხოლოდ. ზუსტად 52 წუთი დასჭირდა სახანძროს მოსვლა, რომ ამოვიდნენ, სახლი თითქმის დამწვარი იყო”, – ამბობს ადგილობრივი.

Batumelebi-ის ინფორმაციით, ხულოში ხანძრის შემთხვევაში ხის სახლების გადარჩენა ხშირად ვერ ხერხდება, რადგან სოფელი ბოძაური კურორტ გოდერძის გზაზეა, სადაც გზა წლებია ვერ კეთდება. ამას ემატება ისიც, რომ სახანძრო სამსახური ხულოს ადმინისტრაციულ ცენტრშია, რომელსაც სოფელ ბოძაურამდე 14.5 კილომეტრი აშორებს.

იტვირთბა....