ფოთის ბაზარში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი დაუპირისპირდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ბაზრის ტერიტორიაზე მყოფ გიგი უგულავას და მის თანმხლებ პირებს მიმართა:
“ჩამოვიდა მოღალატეთა პარტია. აი, კორუმპირებული, მილიონების მომპარავი “ექს-მერი”, ლევან თარხნიშვილი, ცესკო-ს უმთავრესი გამყალბებელი. ვინ გამოგყვებათ? ერთი “მარშუტკა” არ გამოგყვებათ აქედან. “, – ამბობს მოქალაქე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს რეგიონებში მყოფ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომლებიც მოსახლეობას 3 ივლისის აქციის “შინ ევროპისკენ” მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, ადგილობრივების ნაწილი შეძახილებით ხვდება. გუშინ, ლანჩხუთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და რამდენიმე ადგილობრივ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
როგორც პარტიის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, ეს ადამიანები “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან, რომლებიც მთავრობას პროვოკაციების მოსაწყობად ჰყავს მობილიზებული.