ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული რუსი კომპანიის ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ გემს უარი ეთქვა დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების გავლაზე.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.
“კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: ბათუმელები