ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის შემოტანას ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ადასტურებს.
მისივე თქმით, საბაჟოს ასეთი ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუცია.
„დიახ, მოგახსენებთ, ამაზე იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეიძლება ეხებოდეს დღეს სანქციებს ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი.
კერძოდ, ის რომ დღეს ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, კონტრაქტით და შესაბამისად, მისგან მიღებული ტვირთით, ეს ფაქტია, ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ, შესაბამისად საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, და საქართველოში არცერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის არ ყოფილა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.
საბაჟოს არ გაუცია თანხმობა ასეთი ტვირთის მიღებაზე, საბაჟოს უფლების და თანხმობის გარეშე ეს ტვირთი ვერ მოხდება საქართველოში“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ბათუმის პორტში 2 დღეა რუსული სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი დგას. საუბარია სავარაუდოდ სანქცირებული „როსნეფტის“ ნავთობპროდუქტებზე.