ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

სევეროდონეცკი მთლიანად ოკუპირებულია – უკრაინული მხარე

სევეროდონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტრიუკის განცხადებით, მოცემული მომენტისთვის, ქალაქი სრულად აქვთ ოკუპირებული რუსებს. როგორც სტრიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, ოკუპანტმა ქვეყანამ იქ უკვე დანიშნა საკუთარი “კომენდანტი”.

“ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრულ ოკუპაციაშია. ისინი იქ საკუთარი წესრიგის დამყარებას ცდილობენ და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, “კომენდანტიც” დანიშნეს და რაღაც “აქტივს” აგროვებენ”, – ამბობს სტრიუკი.

მისივე თქმით, სევეროდონეცკი იმდენად არის განადგურებული, რომ იქ მყოფ ხალხს ძალიან გაუჭირდება.

“იმედს ვიტოვებთ, რომ ქალაქი რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს”, – ამბობს ალექსანდრ სტრიუკი.

სევეროდონეცკი ბოლო კვირებში უკრაინაში ყველაზე ცხელი საომარი წერტილი იყო. რამდენიმე დღის წინ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის დატოვების ბრძანება მიიღეს, რათა მტრის ალყაში არ მოქცეულიყვნენ და უფრო ხელსაყრელი პოზიციებიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა.

იტვირთბა....