ბიზნესმენ ლევან კაჭარავას, მეტსახელად “ტილიკას” მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ონლაინ-გამოცემა AMBEBI.GE წყაროზე დაყრდნობით წერს, ერთ-ერთი ვერსიით, ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობა შესაძლოა, ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს.
“როგორც ჩანს, გია კვარაცხელია (მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამა) მოქმედებაზე გადავიდა.. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, – უყვება გამოცემას წყარო.
შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელია 2021 წლის სექტემბერში, ფიქრის გორაზე, ქუჩაში ჩაცხრილეს. მისი მკვლელობის საქმეში ძმები დათა და გუგა კაკულიები ფიგურირებენ, რომლებიც 29 მაისს კრიმინალურმა პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავა.
ხოლო რაც შეეხება ლევან კაჭარავას, ის გუშინ საღამოს ბაგებში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) დაიწყო.
53 წლის ბიზნესმენი Silk Road Group-ის თანადამფუძნებელი დასამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. ასევე, მისი სახელი უკავშირდება ნიდერლანდებში დაფუძნებულ კომპანია “მულტიპლექსს”, რომელიც თავის მხრივ არაერთ ბიზნეს ფლობს.
ამავე თემაზე: “ტილიკას” შეკვეთილი მკვლელობის სათავეში ივანიშვილი დგას”, – ნათელაშვილი