“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოსთვის პირობების წამოყენების რეკომენდაციით გამოსვლას შეეხება.
კობახიძის თქმით, საქართველო მოლდოვას და უკრაინას ყველა პარამეტრით უსწრებს წინ, თუმცა, მისი შეფასებით, ეს იყო არა ექსპერტული, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების საერთო შესრულება. თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროკომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა – რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინას უკვე უმძიმესი ზიანი მიაყენა. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო”, – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო იქნა მიღებული დადებითი რეკომენდაცია მოლდოვასთან მიმართებაშიც.
“მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც ბუნებრივია, ორნახევარ მილიონიან ქვეყანას უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირი შესაბამის ტვირთს უმსუბუქებს”, – ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ მოლდოვასაც უნდა მიეღო ეს წახალისება.
თუმცა კობახიძე აქვე დასძენს – “ნიშანდობლივია, რომ არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირმა მოლდოვის სამხედრო-პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და “დსთ”-ს წევრობაზეც კი დახუჭა თვალი”.
ამავე თემაზე: “საქართველოს ხელშია, როდის დააკმაყოფილებს პირობებს და წაიწევს ღია კარისკენ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი