საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მთავარი მიზანი იყო, რომ ახალგაზრდებს საშუალო საფეხურზე ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეესწავლათ.
„შესაბამისად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის (X-XII კლასების) ისტორიის სტანდარტი გადაიხედა, რისთვისაც სპეციალურად დაკომპლექტებული ისტორიკოსთა ჯგუფი შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი აერთიანებდა ქართველ ისტორიკოსებს აკადემიური წრეებიდან – პროფესორებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე, ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივ ექსპერტებს, რომლებმაც 2022 წლის იანვარში დაასრულეს მუშაობა ისტორიის სტანდარტების რევიზიის მიმართულებით. სამუშაო პროცესში ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ინიციატივა განიხილეს და არაერთ სადისკუსიო საკითხზე იმსჯელეს. ქართველ ისტორიკოსთა ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად გაიწერა. საგნის „საქართველოს ისტორია“ სწავლებისას აქცენტი გაკეთდება ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქტუალური პრობლემების კვლევაზე და მათ სიღრმისეულ გააზრებაზე. „ისტორიის“ საგნის სწავლება კი მთავარ მიზნად ისახავს მსოფლიო ისტორიული მოვლენების/პროცესების შესწავლასა და მათთან საქართველოს ისტორიის საკითხების დაკავშირებას.
სხვა საგნების მსგავსად, ისტორიის სტანდარტიც სრულად ეფუძნება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთიან კონცეფციას. აქცენტი კეთდება ისეთ მიდგომებზე, როგორებიცაა: კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ცნებების პედაგოგიკა და დიფერენცირებული სწავლება. გრიფირების პროცესი უკვე დაწყებულია და გრიფირებისთვის წარმოდგენილია ხუთ სხვადასხვა გამომცემლობის სახელმძღვანელო – საგანში “საქართველოს ისტორია“. შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეცენზენტების ჯგუფის მიერ მიმდინარეობს სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი, რომელიც ივლისის ბოლომდე დასრულდება.
შემფასებელთა ჯგუფში შედიან: პრაქტიკული გამოცდილების მქონე მასწავლებლები, დარგის მეცნიერები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი, ფსიქოლოგები, ფილოლოგები და ასევე სპეციალისტი, რომელიც სახელმძღვანელოს აფასებს სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობის კუთხით. 2022-23 სასწავლო წლიდან X კლასის მოსწავლეებს „საქართველოს ისტორიის“ ახალი სახელმძღვანელო ექნებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი