თბილისში 39 წლის მამაკაცი სავარაუდოდ სიცივით გარდაიცვალა. შსს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იყო თუ არა მიზეზი გაყინვა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მამაკაცი ნაძალადევის რაიონში იპოვეს. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, ის უსახლკარო იყო.
ასევე, სხეულის მოყინვის დიაგნოზით კიდევ ოთხ პაციენტს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრში. განსაკუთრებით მძიმეა 68 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ქვედა კიდურები მოეყინა. მას სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ამ პირებიდან არც-ერთი არ არის უსახლკარო. მათ სხვადასხვა ვითარებაში მოეყინათ სხეული და ექიმების განმარტებით, ვითარების გართულება დაგვიანებულმა მიმართვიანობამ განაპირობა.